მაგნიტსკის საქმე

რუსეთი მაგნიტსკის მკვლელობაში ბრალდებულისთვის ბრალის მოხსნას აპირებს

რუსი პროკურორები ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში ბრალდებულისთვის ბრალის მოხსნას და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც პროკურორმა დმიტრი ბოკოვმა განაცხადა, დმიტრი კრატოვს - იმ ციხის დირექტორის მოადგილეს, სადაც მაგნიტსკი გარდაიცვალა - უყურადღებობის ბრალი უნდა მოეხსნას, რადგან კრატოვი წესების მიხედვით მოქმედებდა, ხოლო მაგნიტსკის მის მიმართ არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ბოკოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კრატოვის ქმედებებსა და მაგნიტსკის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს.

მაგნიტსკის საქმეს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად, აშშ-მა მიიღო კანონი, რომელსაც შავ სიაში შეჰყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც გახმაურებული მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ პეტიციაში, მაგნიტსკის აქტის გავრცელებას რუსეთის პრეზიდენტზე - ვლადიმირ პუტინზე მოითხოვენ. ამ მოთხოვნას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვიდან - რუსი მაღალჩინოსნები მკაცრი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრებიან.

მაგნიტსკის აქტს მოსკოვმა ერთხელ უკვე უპასუხა: სპეციალურად მიღებული კანონის მიხედვით, ამერიკის მოქალაქეებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ.

ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. ის ამტკიცებდა რომ 235 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის მითვისების სქემა აღმოაჩინა. ამ სქემაში მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკები იყვნენ ჩართულები. მაგნიტსკი სწორედ მათ დააპატიმრეს, ვის მხილებასაც ადვოკატი აპირებდა. სერგეი მაგნიტსკი წინასწარ პატიმრობაში გარდაიცვალა: მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მას არავინ უმკურნალა.

როგორც შარშან, კრემლის ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოიკვლია, მაგნიტსკი აუტანელი ტკივილების მიუხედავად, უყურადღებობისგან 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაგნიტსკის საქმეზე ბრალი მხოლოდ ორ ადამიანს - კრატოვსა და ციხის ექიმს ლარისა ლიტვინოვას წაუყენეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების ბრალიც იკვეთებოდა.

კომენტარები