მაგნიტსკის საქმე

იურისტ მაგნიტსკის დედა რუსი სენატორების აშშ-ში ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ფონდ Hermitage Capital-ის გარდაცვლილი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის დედამ რუსეთის საბჭოს ხელმძღვანელს, ვალენტინა მატვიენკოს ფედერაციის სენატორების მიერ ვაშინგტონში განხორცილებული ვიზიტის შესახებ ახსნა-განმარტების მოთხოვნით მიმართა.

საბჭოს წევრებმა ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესში ”მაგნიტსკის აქტთან” დაკავშირებული დოკუმენტი წარადგინეს, რომელშიც რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურების მიერ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე ადვოკატის გარდაცვალების შესახებ შემუშავებული ვერსიაა მითითებული.

BBC-ის ცნობით, ადვოკატ მაგნიტსკის დედა საბჭოს თავმჯდომრისადმი  წერილში ინფორმაციას ითხოვს იმის შესახებ, თუ საიდან გააჩნდათ უფლებამოსილება რუს სენატორებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ეწარმოებინათ, აგრეთვე, იმ სახსრების წარმომავლობის შესახებ, რომლითაც ვაშინგტონში მათი ვიზიტი დაფინანსდა.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრების აშშ-ში ვიზიტის მთავარ მიზანს სენატის ”მაგნიტსკის აქტის”, რომელიც კონგრესში განსახილველადაა შეტანილი, არმიღებაში დარწმუნება წარმოადგენდა.

ივნისის ბოლოს აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ე.წ. ”მაგნიტსკის სია” ერთხმად მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან. სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით შედგენილი კანონპროექტი წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მიიღო.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომლის თანხამადაც, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“ წამების შედეგად გარდაიცვალა.

 

კომენტარები