ცხინვალის რეჟიმი

ცხინვალის მოთხოვნით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო სხდომა გაიმართება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნით დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგანგებო სხდომა სოფელ დვანში გაიმართება. 

„სოფელ ზარდიანთკარში, სადაც საქართველოს შსს-, პოლიციის საგუშაგო დადგა, ჯერ კიდევ დაძაბული ვითარებაა“ - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა.
მისივე თქმით, "ქართველი პოლიციელები ოსი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტში საკუთარი პოზიციების გამყარებას განაგრძობენ".

"სოფლის ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პასუხისმგებლობის ზონაში მდებარეობს. ისინი ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ და ჩვენ სიტუაციის განსამუხტად ყველა შესაძლებელ ძალისხმევას გამოვიყენებთ. ჩვენი მოთხოვნით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგანგებო სხდომა გაიმართება", - განაცხადა ჯიოევმა.

ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, პოლიციის საგუშაგოს გახსნის შემდეგ, მოსახლეობამ სახლები დატოვა და მათ დახმარების თხოვნით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო „პირველთან“ საუბრისას, ცხინვალის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
"ზარდიანთკარში ოსებთან ერთად, ქართველი მოსახლეობაც ცხოვრობს. გარდა ამისა, ამ სოფელს ქართული მხარე აკონტროლებს, თუმცა იქ მიმდინარე პროცესების შესახებ ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია. ასე, რომ, ცხინვალს შეშფოთების საფუძველი არ აქვს. ძირითადად ეს საკითხი იქნება განხილული, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა უტიაშვილმა.

კომენტარები