ცხინვალის რეჟიმი

ედუარდ კოკოითი ე.წ. პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცხინვალში წარმოებულ მოლაპარაკებაზე, რომელიც მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლის შუამავლობით მიმდინარეობდა, ედუარდ კოკოითიმ და ალა ჯიოევამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას .  ამ შეთანხმებით  ედუარდ კოკოითიმ აიღო ე.წ. პრეზიდენტის პოსტის  დატოვების ვალდებულება,  ალა ჯიოევამ კი  ცხინვალის  ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო    აქციის დაშლის  ვალდებულება.  კომპრომისულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ედუარდ კოკოითიმ  სააგენტო ინტერფაქსს უთხრა : „ ეს შეთანხმება მოქმედი ხელისუფლების გამარჯვებად მიმაჩნია, რადგან ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და პირდაპირ გეტყვით ჩვენ გავუმკლავდით „ ნარინჯისფერ რევოლუციას“. ის   ჩვენს ხალხს არასწორი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებდა.“

ცხინვალში მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტის როლი    რუსეთმა იკისრა , რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის სახით. შეთანხმების პუნქტების შესრულების  ვადად განისაზღვრა დრო 10 დეკემბრის   12 საათამდე.  

დაპირისპირებული მხარეების მიერ რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში   2012 წლის 25 მარტამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო მთავრობის მეთაური ვადიმ ბროვცევი შეასრულებს.  ინტერფაქსის ინფორმაციით,  ცხინვალის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალა ჯიოევას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს  ხელახალ არჩევნებში, თუმცა ჯიოევამ სააგენტოს უთხრა, რომ "ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხელახალ არჩევნებში." გავრცელებული ცნობებით , შეთანხმება ასევე ითვალისწინებს დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და გენერალური პროკურორის გადადგომას.  ალა ჯიოევას კი აქვს დე   ფაქტო ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზება.

კომენტარები