მედიკამენტები

აშშ-ში გასახდომი პრეპარატი დაამტკიცეს

აშშ-ს ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტების ხარისხს აკონტროლებს, 13 წლის მანძილზე პირველად დაამტკიცა გასახდომი პრეპარატი.

ტაბლეტები სახელად Belviq, კომპანია Arena Pharmaceutical-ის მიერაა წარმოებული. მის დამტკიცებაზე ფედერალურმა სამსახურმა 2010 წელს უარი განაცხადა, მიზეზად პრეპარატის მიღების შედეგად სიმსივნის განვითარების რისკების არსებობა დასახელდა. ამჯერად კომპანიამ დამატებითი მონაცემები წარმოადგინა და ფედერალური სამსახური მივიდა დასკვნამდე, რომ პრეპარატისგან სიმსივნის გამოწვევის რისკები უმნიშვნელოა.

გასახდომი პრეპარატის ეფექტი შიმშლის გრძნობის შემცირებაში მდგომარეობს, პაციენტი საჭმლის ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდება.

მისი მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან, ან ზედმეტი წონა აწუხებთ. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ზედმეტი წონა აწუხებს და გახდომა სურს, პრეპარატის მისაღებად საჭიროა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რაიმე პრობლემაც ჰქონდეს, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ, ხოლო სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს, პრეპარატის მიღება დამატებითი პირობების გარეშე შეუძლიათ.

ახალი პრეპარატი გაყიდვაში სავარაუდოდ 2013 წელს გამოვა. 

კომენტარები