მედიკამენტები

"ზოგიერთი კომპანია მედიკამენტებს 1000%-იანი ფასნამატით ყიდის" - კონკურენციის სააგენტო

NHS

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია ტენდენციები ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე, არსებული პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები.

ანგარიშის თანახმად, მედიკამენტების საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარის გაცვლითი კურსია. ეროვნულ ვალუტაში იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულება 2020 წელს 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, რაც მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით - ანალოგიური მაჩვენებული ამერიკულ დოლარში გაიზარდა მხოლოდ 7%- ით. შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

2020 წელს საქართველოში 798 162 330 ლარის ღირებულების მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, რაც 41%-ით მეტია 2016 წელს იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულებაზე. 

სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არ არსებობს მნიშვნელოვანი კონკურენცია, შესვლის ბარიერები კი მარტივად დასაძლევია, თუმცა არსებობს მნიშვნელოვან მოთამაშედ ფორმირების მაღალი ბარიერები.

"შერჩეულ ექვს სამკურნალო ჯგუფში, ფიქსირდება როგორც ერთი კომპანიის მიერ ბაზრის 40% და მეტი წილის ფლობა და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ასევე, კომპანიათა ჯგუფის მიერ, რიგ შემთხვევებში კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით და სააგენტოს შეფასებით სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობაც.

2016-2020 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებობს მნიშვნელოვან მოთამაშედ ფორმირების მაღალი ბარიერი, რადგან როგორც იმპორტის, ასევე ბაზრის საცალო დონეზე სამი მსხვილი კომპანიის შემადგენლობა 2016-2020 წლებში უცვლელია, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ბაზრის ჰოლდინგური მოწყობისა და ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. ამასთან, ფარმაცევტული ბაზრის მოქმედი საკანონდებლო/პრაქტიკული მოწესრიგება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების დროს ხდება სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელების მითითება, თავისთავად წარმოადგენს ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან ბარიერს". - წერია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტო პრობლემად ასახელებს ფასწარმოქმნასაც - ზოგიერთი მცირე კომპანია მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებს გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში 1000%-ს ცდება.

"გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია.

სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი შედარებით მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტის/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევეში ცდება 1000%- ს. ამგვარ მედიკამენტებზე საცალო დონეზე მოთხოვნის არსებობა, სააგენტოს პოზიციით, პირდაპირ კავშირშია ბაზარზე არსებულ ინტერესთა კონფლიქტთან და შესაბამისად გარანტირებულ/ხელოვნურ მოთხოვნასთან". - წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. "თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა" მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია, დანია და გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის 32 რეგულირების სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ბაზრის რეგულირება აუცილებელი მექანიზმია და მოხმარებლებს დაზოგვის საშუალებას აძლევს.

"ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით. რეგულირება ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანია და აღნიშნულს განაპირობებს თავად ბაზრის სპეციფიკა - ბაზარზე მოთხოვნას, ისევე როგორც მიწოდებას ქმნის ფარმაცევტული/სამედიცინო სექტორი, რაც იწვევს ინფორმაციის ასიმეტრიულობას. ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი ფლობს სრულ ინფორმაციას მედიკამენტების ხარისხისა და ჩანაცვლებადობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა არ გააჩნია". - წერია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, დარგის მარეგულირებლის მიერ ვერ ხდება სისტემის ეფექტიანი კონტროლი და არ არსებობს შესაბამისი მექანიზმები.

ანგარიშის სრულ ვერსია და კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები