მედიკამენტები

ფსიქოტროპული წამლების რეცეპტების უკანონოდ გაცემისთვის 3 დაწესებულებას საქმიანობა აეკრძალა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია შპს ამბულატორიული კლინიკის თბილისისა და გორის ფილიალებსა, ასევე შპს ჯანმრთელობა ყველასთვის 3-ზესამინისტროს ცნობით, სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.

"აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ კი ექიმებს სახელმწიფო სერტიფიკატიც გაუუქმა.

უწყების მითითებით, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარები