მაგნიტსკის საქმე

რუსეთში ”მაგნიტსკის აქტის” მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ე.წ. „მაგნიტსკის კანონის“ მიღების ფაქტს გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებულია სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

„არ არის აუცილებელი პასუხი მხოლოდ სიმეტრიული იყოს, ეს ჩვენი არჩევანი არ არის. შესაძლოა ამას ასიმეტრიული პასუხიც გაეცეს“. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენ არა მარტო ვწუხვართ, არამედ აღშფოთებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ყოველთვის აგზავნიდა მესიჯებს ამგვარი ნაბიჯების კონტრპროდუქტიულობის შესახებ, „მაგნიტსკის კანონზე“ მუშაობა გრძელდება.“ - განაცხადა დიპლომატმა.

”მაგნიტსკის აქტი” რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

ივნისის დასაწყისში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შედგენილი კანონპროექტი წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მიიღო.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომლის თანხამადაც, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“

 

კომენტარები