მაგნიტსკის საქმე

აშშ–ის სენატის კომიტეტმა ”მაგნიტსკის აქტი” მიიღო

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ე.წ. ”მაგნიტსკის სია” ერთხმად მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან. ”მაგნიტსკის აქტს” მხარი დაუჭირეს როგორც სენატის რესპუბლიკელმა, აგრეთვე, დემოკრატმა დეპუტატებმა.

ივნისის დასაწყისში იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით შედგენილი კანონპროექტი წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მიიღო.

იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის კიდევ ორმა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ, მას კენჭი ეყრება წარმომადგენლობით პალატასა და სენატში, შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომლის თანხამადაც, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“ წამების შედეგად გარდაიცვალა.

ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა ე.წ. ”მაგნიტსკის სია” შეაგდინა, რომელიც იმ პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მიიჩნევიან.

 

კომენტარები