აშშ-რუსეთის ურთიერთობები

აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთში აშშ-ს ელჩის მაიკლ მაკფოლისადმი გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ მაიკლ მაკფოლის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

,,ელჩ მაკფოლს ახასიათებს თავისი აზრის პირდაპირ გამოთქმა, რასაც რუსეთის ხელისუფლება უნდა შეეგუოს.’’-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა.

მისი თქმით, მაკფოლის განცხადებები, ძირითადად აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე გადატვირთვის პოლიტიკის უპირატესობებს ეხებოდა და მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ელჩი მაიკლ მაკფოლი არაპროფესიონალიზმისთვის გააკრიტიკა და დიპლომატიური ეთიკის დარღვევაში დაადანაშულა, მას შემდეგ რაც ელჩი მოსკოვში სტუდენტებს შეხვდა.

ოფიციალური რუსეთის აღშფოთება მაკფოლის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც რუსეთი აშშ-ს ,,ირანის საქართველოზე გაცვლას’’ სთავაზობდა. ასევე საუბარი იყო რუსეთის მიერ ყირგიზეთის ხელისუფლების მოსყიდვის მცდელობაზე, იმისთვის, რომ ყირგიზეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზების მოქმედებები შეჩერებულიყო.

კომენტარები