ფილმი

ცოცხალი თარგმანი „კავკასიურ სახლში“

'შენი დანახვა ჩემს თვალებს / სიყვარულზე აფეხმძიმებს, / შენი ხმა / ჩემს ყურებს / სიმღერებით ანაყოფიერებს, / შენი ხელების მოძრაობით / განვიცდი, / როგორ შთაებერა სული / ჩემი გრძნობების ჩანასახში, / ჩემი ოცნების უნაყოფო კაცო!“, - ერთ-ერთი ლექსია ირანული ფილმიდან, სახელწოდებით: „თოვლი გავარვარებულ სახურავზე“, რომლის ჩვენება „კავკასიურ სახლში“ მოეწყო. თანამედროვე ირანული კინემატოგრაფის ნიმუშების მაყურებლისთვის მიწოდების ინიციატივა მთარგმნელსა და პოეტ გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის.

„2012 წლის ზამთარში, ორთვიანი სამეცნიერო მივლინებით, ვიმყოფებოდი ირანის წმინდა ქალაქ ყუმში. დღისით საქმე მქონდა, საღამოობით კი ერთადერთ განტვირთვის საშუალებად მრჩებოდა კომპიუტერი და ფილმები, რასაც რეგულარულად ვყიდულობდი. ასე ვნახე ბოლო წლებში შექმნილი ძალიან ბევრი ირანული ფილმი, რომელთაგან რამდენიმე, სხვადასხვა ნიშნით, ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მოცალეობის ჟამს, ნელ-ნელა მეთარგმნა ისინი და მეგობრებისთვის, ჩემი სტუდენტებისთვის მეჩვენებინა“, - გვითხრა გიორგი ლობჟანიძემ, რომელმაც სხვადასხვა ასაკის მაყურებელს უკვე სამი მხატვრული ფილმი, ზემოთ აღნიშნულის გარდა, „ალცჰაიმერი“ (რეჟისორი აჰმად რეზა მოთამედი) და „ნაგავთა პოეტი“ (რეჟისორი მოჰამად აჰმადი), შესთავაზა.

როგორც კი პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დარბაზი შეივსო, ფილმის დაწყებამდე ორგანიზატორმა მცირე შესავალი გააკეთა: - ,,ვინც წინა ორი ფილმის ჩვენებას დაესწრო, იცის, რომ ჩვენების შემდეგ არ ვაწყობთ განხილვებს და მაყურებელს ვაძლევთ საშუალებას თავის თავში განიხილოს ფილმი და თავისთვის შეინახოს შთაბეჭდილებები. . . მაგრამ რამდენიმე სიტყვით მაინც მოგახსენებთ თუ რითი აღმოჩნდა ეს

ფილმი ჩემთვის მნიშვნელოვანი: თანამედროვე ირანული კინოს სპეციალისტობას ვერ დავიჩემებ, მით უფრო, რომ ირანი არის ქვეყანა, სადაც წელიწადში დაახლოებით 100 – 120 ფილმი გამოდის და ყველას ნახვა გმირობა იქნებოდა . . . ირანი დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. იქ განსაკუთრებით ყვავის კინოინდუსტრია, რადგან ადრე თუ ირანელები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას პოეზიასთან ახდენდნენ, დღეს პოეზია, რაღაც დონეზე, უაღრესად პოეტურმა კინოხელოვნებამ და პოეტებზე შექმნილმა ფილმებმა ჩაანაცვლა. წინა ფილმი „ნაგავთა პოეტი“ იყო მენაგვე ბიჭზე, რომელიც ლექსებს წერდა, დღევანდელი ფილმი კი მოგვითხრობს პოეტზე მისი გარდაცვალებიც შემდეგ. ფილმში დგას ურთულესი პრობლემა, რომელიც პირადად მე ძალიან მაწუხებს და ყოველთვის მაინტერესებს მისი გადაწყვეტა, ანუ რა რჩება პოეტის სიკვდილის შემდეგ და როგორ იქცევიან მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეში მის გარშემო შემოკრებილი ადამიანები. მოწაფეებისა და მასწავლებლის ურთიერთობა მართლაც სერიოზული პრობლემაა და ვფიქრობ, მძაფრად არის წარმოჩენილი ურთერთობები. ფილმი სავსეა როგორც პოეზიით (ამაში ვგულისხმობ ჩანართ ლექსებს, რომელთა ავტორიც სხვათაშორის თვითონ ფილმის რეჟისორია და საკმაოდ მაღალი დონის პოეზიასთან გვაქვს საქმე), ასევე ურთიერთობათა პოეზიით, რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა“.

„თოვლი გავარვარებულ სახურავზე“ ეძღვნებოდა იმას, ვინც მშვიდობა აჩუქა სამყაროს. ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და ლექსების ავტორი არის მოჰამად ჰადი ქარიმი, რომლის ნამუშევარმაც თავი არა სამსახიობო შესრულებით, რეჟისურით ან ოპერატორის ნამუშევრით დაგვამახსოვრა, არამედ, უპირველესად, ირანული პოეზიისა და პროზისთვის დამახასიათებელი ფილოსოფიითა და სიღრმით, რაც მასწავლებლისა და მისი მოწაფეების რამდენიმე დიალოგში გამოვლინდა. გიორგი ლობჟანიძე დაგვპირდა, რომ შუა ზაფხულამდე კიდევ ერთი ირანული ფილმის თარგმნას მოასწრებს და „კავკასიურ სახლში“ გვიმასპინძლებს.

კომენტარები