ფილმი

12 ფილმი

წელს თიბისი ბანკი 20 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ შექმნა პროექტების სერია, რომელიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. პირველი მათგანი იყო კალენდარი – 12 თვე 12 შემოქმედებით წყვილზე გადანაწილდა. თითოეული წყვილი შედგებოდა მწერლისა და ფოტოგრაფისგან, რომლებმაც სხვადასხვა თვეზე ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პროექტში დათო ტურაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ზურაბ ლეჟავა, იური მეჩითოვი, დიმა ჩიკვაიძე, გურამ წიბახაშვილი და კიდევ არაერთი ქართველი ხელოვანი ჩაერთო.

კალენდარს მოჰყვა კინოფილმის იდეა. თიბისი ბანკის ფილმი 12 სეგმენტისაგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც წელიწადის 12 თვეზე მოგვითხრობს. მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს 12 რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, კომპოზიტორი და მხატვარი. ნინო ჟვანია, ანა ურუშაძე, ანა ციმინტია, გია დიასამიძე, სანდრო ჯანდიერი, გიორგი აბაშიშვილი, გაგა რაზმაძე, ზურა დემეტრაშვილი, დავით ქემხაძე, ლექსო ჩხაიძე, შოთა გუჯაბიძე და გრიგოლ აბაშიძე – ეს ის რეჟისორები არიან, რომელთა იდეებიც ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო. ჟიური კი ცნობილი ქართველი ხელოვანებით იყო დაკომპლექტებული: ოთარ იოსელიანი, მიშა კობახიძე, გია ყანჩელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი და თამარ ბართაია. სწორედ მათ შეარჩიეს 600-მდე პროექტიდან 12 საუკეთესო და გამარჯვებულებს პირველი სწორედ მათი მასტერკლასები ჩაუტარდათ. მიშა კობახიძემ და ალექსანდრე რეხვიაშვილმა გადასაღებ მოედანზე მუშაობასა და შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე „არაჩვეულებრივი გამოფენის” სცენარზე ორი წელი, ყოველდღე მუშაობდნენ. დიდი ხნის შრომას, სცენარის სრულყოფა მოჰყვა. თუ ფილმი კარგი არ არის, მას ვერანაირი გენიალური მუსიკა ვერ იხსნის”, – გია ყანჩელმა გამარჯვებულებს სცენარზე მკაცრი მუშაობისაკენ მოუწოდა და ურჩია, რომ გადასაღებ მოედანზე, ამ სიტყვის კარგი გაგებით, დესპოტები იყვნენ.

მასტერკლასების შემდეგ გადაღებების პროცესი დაიწყო. გია დიასამიძემ თებერვლის სეგმენტი გადაიღო. „დოჩანას ვარსკვლავი”, ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟი მოხუცი კაცია. ეს „ვარსკვლავების მეფის” ერთი დღის ამბავია – მისი ურთიერთობა შვილიშვილებთან, ვარსკვლავებთან და გურამ დოჩანაშვილთან.

„დოჩანას ვარსკვლავისგან” განსხვავებით, დავით ქემხაძის ფილმში „ფირნი” ახალგაზრდა პროტაგონისტები არიან. მარტის სეგმენტი თინეიჯერი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზეა, რომელიც სიტყვა ფირნის გარშემო ვითარდება და თუ რატომ ჰქვია ფილმს ასე, ამას დეკემბერში გაიგებთ. ისევე, როგორც 14 წლის გიოს თავგადასავალის ფინალს. გიო გრიგოლ აბაშიძის სურათის – „კარგი გაკვეთილი” – მთავარი პერსონაჟია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც ოცნების ასრულებას დაჰპირდება. რეჟისორი მაყურებელს უყვება გიოს ერთი დღის ისტორიას, სადაც მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება.

„ეს ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელიც დაიწყო კალენდრით და დღიურით და გაგრძელდა ფილმის გადაღებით. ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის, დამწყები რეჟისორებისთვის არის სტიმული, მათი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობა. თიბისი ბანკი ინვესტიციას დებს იმ სფეროში, სადაც ყველა ერიდება ფულის დაბანდებას”, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა და თბილისის კინოფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ.

პროექტის ფარგლებში უცხოელი რეჟისორების ჩამოყვანა და მათი მასტერკლასებია დაგეგმილი. თიბისი ბანკის პროექტზე მუშაობა გრძელდება, ყოველთვიური გადაღებები და მასტერკლასები გაგრძელდება, მაყურებელი კი დასრულებულ ფილმს 17 დეკემბერს იხილავს.

კომენტარები