ინდოეთი

ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ივლისს, ხუთწლიანი ვადის ამოწურვისთანავე, ინდოეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი პრატიბა პატილი ოფისს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პატილი ინდოეთის პირველი ქალი მეთაურია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე დაიწყო საუბრები პრეზიდენტობის ახალ კანდიდატებზე.

პრეზიდენტის უფლებები საპარლამენტო ასამბლეის გახსნით და სხვადასხვა შტატის გუბერნატორების დანიშვნაზე ბეჭდის დასმით შემოიფარგლება და ის შეიარაღებული ძალების მეთაურადაც მიიჩნევა. თუმცა საინტერესოა, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს, მას აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელი პარტიის ლიდერობით შეიქმნას საპარლამენტო კოალიცია. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისას ორი მთავარი პარტიის დაპირისპირებაში პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული კონგრესის პარტიას ადგილთა 31 პროცენტი უკავია, ხოლო მის ოპოზიციურ ინდოეთის სახალხო პარტიას – ბხარატია ჯანატას – 24 პროცენტი. The Center for Media Studies-ის განცხადებით, იმის გამო, რომ უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შეიძლება, რეგიონალურმა პარტიებმა გადაწყვიტონ. ორივე მთავარ პარტიას ისეთ კანდიდატზე მოუწევს არჩევანის შეჩერება, რომელიც სხვა პარტიებისთვისაც მისაღები იქნება. ეროვნულ კონგრესს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ საერთო ენას გამონახავს ნაციონალისტურ კონგრესთან, გაერთიანებულ პროგრესულ ალიანსთან და სამაძვაჯის პარტიასთან.

ინდოეთის პრეზიდენტს პარლამენტის წევრები და შტატების საკანონმდებლო ასამბლეები ირჩევენ. ამ სისტემით, შტატებს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ და პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფ პარტიაზე არაა დამოკიდებული. თუმცა პარლამენტის წევრების ხმებს შედარებით მეტი წონა აქვს – ერთი პარლამენტარის ხმა შტატების კანონმდებლების 708 ხმის ტოლია. არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ლობისტები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები ცდილობენ, რომ საკუთარ კანდიდატთა სახელები გააჟღერონ.

რაისინის ბორცვზე განთავსებული საპრეზიდენტო სახლისთვის მებრძოლ სახეებს შორის არიან: ვიცეპრეზიდენტი ჰამიდ ანსარი, ფინანსთა მინისტრი პრანაბ მუხერჯე, სახალხო პალატის სპიკერი მეირა კუმარი, პრემიერის მრჩეველი სემ პიტროდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შახაბუდინ იაქუბ ქურეიში, ბხარატია ჯანატას ყოფილი ლიდერი აბდულ კალამი, თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი კურიან ანტონი. ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელის კანდიდატურას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებში დასავლეთ ბენგალის ყოფილი მმართველი და მაჰათმა განდის შვილიშვილი, გოპალ კრიშნა განდიც მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტ პატილის საყვედურობენ, რომ დაპირება, თავისი პრეზიდენტობის დროს მხოლოდ ცერემონიალური პროცედურებით არ შემოიფარგლებოდა, ვერ შეასრულა. მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებების უკან ხშირად ყოფილი პრემიერმინისტრის ქვრივი და გაერთიანებული პროგრესული ალიანსის პრეზიდენტი სონია განდი იდგა.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კარგი შესაძლებლობაა პოლიტიკური სურათის აღსაქმელად. ექსპერტების მოსაზრებით, პრეზიდენტი უნდა აირჩეს არა რელიგიური, კასტური თუ ეთნიკური კრიტერიუმებით, არამედ წარსული ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინებით. ბევრს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრ შარად პავადს, მიაჩნია – შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომ პარტიათა შორის კონსენსუსი იოლად შედგეს.

კომენტარები