სასჯელაღსრულების სამინისტრო

სახალხო დამცველი გარდაცვლილი პატიმრის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 39 წლის ზურაბ დელიანიძე გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მის ცხედარს წამების ნიშნები ეტყობა. ცხედრის ფოტოსურათები ინტერნეტგამოცემა tspress.ge-მ გაავრცელა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში, შეხვდა და გაესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, „გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახი აპირებს ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მოწვევას. მხოლოდ ექსპერტის თუნდაც წინასწარი დასკვნის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სრული დასკვნისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ იქნება შესაძლებელი დაზიანებების წარმომავლობაზე კონკრეტული საუბარი“.

სახალხო დამცველი ამ ფაქტს დეტალურად შეისწავლის და შესწავლის შედეგებს გამოაქვეყნებს. ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს ყურადღება მიაქციონ ამ საქმეში არსებულ თითოეულ დეტალს და ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გადადგან დროული და ადეკვატური ნაბიჯები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმარს სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები აღენიშნება“.

 

კომენტარები