სასჯელაღსრულების სამინისტრო

სამინისტრო: ექიმმა მსჯავრდებულს "დიაზეპამი" გადასცა, ორივე მათგანს ბრალი წარედგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, მე-18 ციხის სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა მსჯავრდებულს აკრძალული საგანი - ფსიქოტროპული ნივთიერება გადასცა.

”გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მსჯავრებულ დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი - ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას" - აცხადებს სამინისტრო.

ექიმს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმრისთვის აკრძალული ნივთის გადაცემის მუხლით წარედგინა, ხოლო მსჯავრდებულს - ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე.

კომენტარები