შეზღუდვები

ნაკლები ალკოჰოლი ლონდონის უნივერსიტეტის კამპუსზე

ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი თავისი კამპუსის გარკვეულ ტერიტორიებზე ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას აპირებს. უნივერსიტეტის განმარტებით ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი, სტუდენტების „კულტურული თავისებურებების“ პატივისცემაა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეფასებით, ბოლო პერიოდში სტუდენტების ძირითად ბირთვს მუსულმანები შეადგენენ. მათთვის ალკოჰოლიანი წვეულებები საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი კი არ არის, პირიქით, ამორალური საქციელია.

უნივერსიტეტის ხელძღვანელობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სტუდკავშირმაც. მისი წარმომადგენლის აზრით, უნივერსიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე ალკოჰოლის ნაწილობრივ აკრძალვა ის ჟესტი იქნება, რაც მუსულმანი სტუდენტების უნივერსიტეტის სოციალურ ცხოვრებაში მეტად ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

თვითონ მუსულმანი სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის კამპუსის გარკვეულ ტერიტორიაზე ალკოჰოლის აკრძალვის მოტივი მათთვის გაუგებარია. თუ მიზანი კამპუსზე გართობისა და სწავლის უკეთ დაბალანსებაა, ამას სტუდენტები თვითონაც კარგად ართმევენ თავს: სხვანაირად მაღალი კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. თუ კამპუსზე ალკოჰოლი ადრე უფრო დიდი რაოდენობით იყიდებოდა, როგორც ამას თვითონ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, მაშინ მისი ხელოვნურად აკრძალვა აზრს კარგავს.

მუსულმანი სტუდენტების აზრით, კამპუსის ტერიტორიის მენეჯმენტი უნივერსიტეტის საქმეა, თუმცა ალკოჰოლის აკრძალვის კულტურული განსხვავებებით ახსნა სწორი არ არის: მუსულმანი სტუდენტები ამავე უნივერსიტეტში ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ და გაუგებარია, სხვების მიერ ალკოჰოლის მიღებამ მათი გრძნობები ისე როგორ უნდა შელახოს, რომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლონ. სტუდენტების შეფასებით, კამპუსის ტერიტორიაზე ალკოჰოლის აკრძალვის საჭიროება არ არსებობს. 

კომენტარები