შეზღუდვები

სასტუმროები, რესტორნები, სავალუტოები, საქალაქთშორისო მგზავრობა - რა იხსნება 8 ივნისიდან

ხვალიდან, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. კერძოდ, 8 ივნისიდან, მუშაობა შეეძლებათ დახურულ რესტორნებს და სასტუმროებს.

"გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმინისტრმა 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას. 

გარდა ამისა, 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მგზავრობა, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ ეხება მატარებლებს. პრემიერმინისტრის თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და დაწესდება გარკვეული შეზღუდვები.

ასევე, ხვალიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. მათი საქმიანობა 31 მარტიდან გაჩერებული იყო.

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.

კომენტარები