შეზღუდვები

განიხილება დაწესებულებებში მხოლოდ აცრილების და ნეგატიური ტესტის მქონეების შეშვება

გალერია თბილისი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე დააყენა წინადადება, რომ სექტემბრიდან დაწესებულებებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან უარყოფითი ტესტის მქონე პირები.

ამირან გამყრელიძის თქმით, მანამ, სანამ დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს არ ასცდება, შეიძლება მხოლოდ ერთხელ აცრილებიც დაიშვან.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ასევე დავაყენეთ ჩვენი წინადადება, სექტემბრიდან ისეთ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას, როგორიც გახლავთ: კაფე, რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, სილამაზის სალონი და ა.შ., დაშვებული იქნეს ერთჯერ აცრილი ადამიანები, ან, თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR ტესტი უნდა ჰქონდეს, ან ბოლო 24 საათში უარყოფითი სწრაფი ანტიგენ ტესტი. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ დღეს და ალბათ საბჭო ამაზე იმსჯელებს კიდევ". – თქვა გამყრელიძემ


გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინადადებით, PCR და სწრაფი ანტიგენ ტესტები სახელმწიფოს მიერ აღარ უნდა იყოს დაფინანსებული.

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს 24-საათიანი და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ, თუ გვინდა რესტორანში, ან ჩამოთვლილ დაწესებულებებში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენივე ხარჯით, ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა შესაბამისი ტესტირებისთვის". – ამბობს გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.  გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. 
  • არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. 
  • კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 
  • ასევე, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
  • ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 189 ტესტი და დადასტურდა 5 128 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.43%-ია, ბოლო 14 დღის – 9.63%, ხოლო 7 დღის – 10.52%

კომენტარები