ოპოზიცია

ქართული ოცნების ლიდერმა საჩხერეში ახალი ოფისი გახსნა

17 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ძალის ოფისი საჩხერეში გახსნა. იქ შეკრებილ ხალხს მან განუცხადა, რომ „ნელ-ნელა ხელისუფლებას უკან დახევა“ უწევს. ივანიშვილის მტკიცებით, ამერიკელები და ევროპელები პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის რეალურ სახეს და მის „ცრუ დემოკრატიას“ ხედავენ. 

"გპირდებით, რომ ივნისის ბოლოდან სიტუაცია გარდატეხილი იქნება, ხალხს საშუალება მიეცემა თავისუფლად გამოთქვას აზრი და სააკაშვილს აღარ ექნება საშუალება ისეთი დამსჯელი ღონისძიებები გაატაროს, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა რეაქცია. მოვახერხებთ, რომ პოლიციამ სწორი პოზიცია დაიჭიროს, ჩადგეს ხალხის სამსახურში და თავისი ხალხის წინააღმდეგ აღარ იმოქმედოს. ჩვენ ამას ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ, პროცესები ნელ-ნელა, რამდენიმე დღეში დაიწყება... დღეს ათასობით უკანონო პატიმარია. იჭერენ ხალხს იმისთვის, რომ დააშინონ. სასამართლოსთან ერთად, ხელისუფლების ზეწოლისაგან უნდა გავათავისუფლოთ მედიაც... თავისუფალი მედია, მეოთხე ხელისუფლება აუცილებელია დემოკრატიის მშენებლობისთვის. ჟურნალისტებს უნდა აღვუდგინოთ ღირსება" - აღნიშნა ”ქართული ოცნების” ლიდერმა საჩხერის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

გარდა ამისა, დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია 21 აპრილს, დიდუბის საგამოფენო ცენტრში იგეგმება. 

უცნობია ვინ იქნება პოლიტიკური ძალის ოფიციალური დამფუძნებელი. ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა, რაც მას უკრძალავს პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას. თუმცა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით, რომლის განხორციელების შემთხვევაში ივანიშვილი, როგორ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე ისარგებლებს იმავე პოლიტიკური უფლებებით, რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.

ივანიშვილის კოალიციაში აღნიშნული ინიციატივა გააკრიტიკეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ივანიშვილი ისარგებლებს იმ პოლიტიკური უფლებებით რასაც კანონმდებლობა მიანიჭებს. 

კომენტარები