ჩეხეთი

ჩეხეთი საეკლესიო ქონების რესტიტუციას იწყებს

ჩეხეთის პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ეკლესიებისთვის იმ საკუთრების ნახევარზე მეტის დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც 1948 წლის შემდეგ კომუნისტების მიერ იყო ნაციონალიზებული. რესტიტუციის გეგმის ღირებულება დაახლოებით 134 მილიარდ ჩეხურ კრონას, ანუ 7 მილიარდ დოლარს აღწევს.

ქონების დიდ ნაწილს ნაკვეთები, ტყეები შეადგენს და მათი ღირებულება 75 მილიარდი კრონაა. გარდა ამისა, მთავრობა ეკლესიებს შეუთანხმდა – მომდევნო 30 წლის განმავლობაში 59 მილიარდ კრონას გადაუხდის იმის სანაცვლოდ, რაც მათ ვერ დაუბრუნდებათ, რადგან მესამე მხარეს ეკუთვნის.

გეგმას საზოგადოებაში მხარდაჭერა ფაქტობრივად არ აქვს. საზოგადოებრივი აზრის დეკემბრის გამოკითხვები მოწმობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას ჩეხების 69% ეწინააღმდეგება. კანონპროექტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც წლეულს მთავრობა ბიუჯეტის 24 მილიარდი კრონით შემცირებას აპირებს.

თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა თქვა, რომ თუ სახელმწიფო ქონებას არ დააბრუნებს, ყველა შემთხვევაში სასამართლო დავა მოუწევს. მისივე განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოში წააგებენ და ცდილობენ, თავიდან აირიდონ ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.

დავა განახლდა იმაზეც, თუ ვინ ისარგებლა, როდესაც სახელმწიფომ ეკლესიებს საკუთრება ჩამოართვა. 1948 წლიდან დღემდე ეკლესიების ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს და ხელფასებსაც იხდის.

კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საეკლესიო ქონებით სახელმწიფო სამჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ხარჯავს. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავის დროზე კომუნისტებმა შეთანხმების გარეშე მიიტაცეს მათი ქონება. ყველაზე მეტი საკუთრება და თანხა (მთლიანის 80%-მდე) სწორედ კათოლიკე ეკლესიას ერგება. დანარჩენს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები გაინაწილებენ.

ზოგადად, ათზე მეტი მილიონი ჩეხიდან მხოლოდ 5-7%-ია აქტიური მრევლი. ქვეყანაში სულ უფრო იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც საკუთარ თავს რომელიმე რელიგიასთან აიგივებს. მაგალითად, თუ 1991 წელს 4 მილიონი ასეთი ადამიანი იყო, გასულ წელს რაოდენობა 1 მილიონამდე ჩამოვიდა, 15 ათასმა მოქალაქემ კი განაცხადა, რომ მათი რელიგიური კუთვნილება არის „ჯედაის რაინდები”, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანაში მუსლიმების, ბუდისტების, ინდუსების და იუდეველების საერთო რაოდენობა.

გარიგებას მუნიციპალური ლიდერები მიესალმებიან, რათა კომუნები გამოცოცხლდეს. ფედერალურ მთავრობას საკუთრების და საეკლესიო მიწების საკითხის მოგვარება სურს იმისთვის, რომ მიწებს მკაფიო ლეგალური სტატუსი ჰქონდეს სამთავრობო და კერძო პროექტებისათვის.

 

კომენტარები