ჩეხეთი

ჩეხეთში მთავრობის პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტეს

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას გადადგომის მოთხოვნით პრაღაში გამართული აქცია, 2023 წლის 16 სექტემბერი.
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრორუსული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური ოპოზიციური პარტიის, სამართალი, პატივისცემა, ექსპერტიზის (PRO) ათასობით მხარდამჭერი 16 სექტემბერს პრაღის ცენტრში შეიკრიბა და ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააპროტესტა. დემონსტრანტებმა ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას გადადგომაც მოითხოვეს.

"დღეს ჩვენ იმ კლდისთვის გვერდის ასავლელად, რაც ბატონი ფიალას მთავრობაა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით... ისინი უცხო ძალების აგენტები არიან, ადამიანები, რომლებიც ბრძანებებს ასრულებენ. ჩვეულებრივი მარიონეტები. და აღარ მინდა მარიონეტი მთავრობა". - თქვა PRO-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა და დასძინა, რომ ჩეხეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას ვეტო უნდა დაადოს.

რაიხლი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ნაციონალისტურ პოლიტიკას მიესალმა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ბრიუსელთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა სლოვაკეთის ყოფილ პრემიერს, რობერტ ფიკოსაც, რომელმაც 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ მკვეთრად ანტიდასავლური პოზიცია დაიკავა.

ახალი ამბების ადგილობრივი სააგენტოს, CTK-ს თანახმად, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა, რაც წინა მსგავს ღონისძიებაზე გამოსულ დემონსტრანტების რაოდენობაზე მცირე რიცხვია.

ჩეხეთის პოლიციის თქმით, დემონსტრაციაზე დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც ვაგნერის ჯგუფის სიმბოლოს ატარებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გენოციდის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი.

მოქმედი მთავრობის პირობებში, ჩეხეთი უკრაინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ სახელმწიფოს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უგზავნის.

კომენტარები