ჩეხეთი

ჩეხი პოლიტიკური მოღვაწე კარელ შვარცენბერგი გარდაიცვალა

კარელ შვარცენბერგი

ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყანაში პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო მოღვაწე კარელ შვარცენბერგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვაცლავ ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკის ცნობით, შვარცენბერგი 11 ნოემბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც წინა კვირას ის პრაღიდან ვენის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გადაიყვანეს.

იგი 1979 წლიდან შვარცენბერგების საგვარეულოს მეთაურობდა, რომელიც საღვთო რომის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული არისტოკრატიული გვარი იყო.

ჩეხოსლოვაკიაში 1948 წლის სამხედრო გადატრიალებით კომუნისტური მმართველობის დამყარების გამო, შვარცენბერგების ოჯახი ქვეყნიდან გაიქცა. კარელ შვარცენბერგი ჩეხეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და 1990-92 წლებში პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის კანცლერის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) თანამდებობა დაიკავა.

კარელ შვარცენბერგი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ, 2007-2009 და 2010-2013, წლებში იყო. 2009 წელს მან ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია TOP 09 დააარსა, რომელსაც 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მილოშ ზემანთან დამარცხდა.

კომენტარები