საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

რბოლა მძაფრდება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. წინასაარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება. მარტის პირველი სამი კვირა მოვლენებით დატვირთული გამოდგა. 22 აპრილს გასამართი არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 16 მარტს ამოიწურა. რადიკალი მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა, ბოლო მომენტში მოახერხა რეგისტრაციისთვის საჭირო, საკუთარ თანამდებობაზე არჩეული 500 ოფიციალური პირის მხარდაჭერის მოგროვება. კიდევ ერთმა კანდიდატმა, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ჩრდილოეთით 11 მარტს მსხვილმასშტაბიანი მიტინგი ჩაატარა. მეორე დღეს კი, ბოლო 5 თვის მანძილზე პირველად, წინასაარჩევნო გამოკითხვებში, სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდს გადაასწრო.

სარკოზი, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, გამოკითხვებში ოლანდს, სულ მცირე, 2-3%-ით მაინც ჩამორჩებოდა. თუმცა Ifop-ის მიერ 12 მარტს ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტს გამოკითხულთა 28.5% უჭერს მხარს, ოლანდს – 27%. თუმცა 6 მაისს გასამართი მეორე ტურისათვის (პირველ რაუნდში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ვერ გამოვლინდება) ოლანდის რეიტინგი 54.5%-ია, სარკოზისა კი – 45.5%. მეორე მხრივ, სარკოზიმ ჩამორჩენა 13-დან 9 პროცენტამდე შეამცირა.

პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის გარდა საფრანგეთის ეკონომიკურ პრობლემებზეც უწევს ფიქრი. უმუშევრობა 10%-ს აღწევს. ეს ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროზონის კრიზისი და საბერძნეთის დაფინანსება საფრანგეთს ტვირთად დააწვა. საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ია და 1%-ით აღემატება 2012 წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ნიშნულს. მარინ ლე პენის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, მის მიერ კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ სოციალურ ფენებზე – მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებზე ფოკუსირებაა.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სარკოზის რეიტინგი ახლანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი, 52% იყო. ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი სარკოზით დაიღალა, თუმცა ვერც ფრანსუა ოლანდში ხედავს ჯეროვან ალტერნატივას. პრეზიდენტისთვის არახელსაყრელი იქნებოდა, არჩევნები მის მიმართ ნდობის რეფერენდუმად ქცეულიყო და არა დაპირისპირებად მასსა და სოციალისტ ოპონენტს შორის. სარკოზიმ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და წინასაარჩევნოდ ნაციონალური ფრონტისგან რადიკალიზმი ისესხა. მას სურს, ლე პენის 16-პროცენტიანი რეიტინგი მეორე ტურისთვის მაინც მიისაკუთროს.

მარტის დასაწყისში სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთში მეტისმეტად ბევრი ემიგრანტია, შემდეგ მუსლიმური ტრადიციების მიხედვით დაკლული საქონლის (ე.წ. ჰალალ) ხორცზე გაამახვილა ყურადღება და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს სკოლებში მის გავრცელებას. 11 მარტის მიტინგზე კი შენგენიდან გამოსვლასა და პროტექციონისტული ეკონომიკური ზომების გატარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტს მხარი აუბეს მისმა თანაპარტიელებმაც. პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ დროა რელიგიური

ტრადიციები თანამედროვე ცხოვრების წესთან შესაბამისობაში მოვიდეს. ებრაული საზოგადოებები რელიგიური წესების დაწუნებით გაოცდნენ, მუსლიმებმა კი თავი განტევების ვაცად იგრძნეს. ფიიონს მეორე დღესვე მოუწია ებრაული და მუსლიმური საზოგადოებების წარმომადგენლებთან შეხვედრა და საკუთარი ნათქვამის შესწორება.

სარკოზისთვის ნაციონალური ფრონტის პროგრამის სესხება ახალი არ არის. 5 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ ეტაპზე, მთავარი თემები ფრანგული იდენტობა და მუსლიმური თავსაბურავები (ბურქა) იყო, რომელთა ტარება საბოლოოდ 2011 წელს აიკრძალა.

11 მარტის მიტინგი, რომელსაც სარკოზის გუნდის წარმომადგენელთა თქმით, 60 ათასი ადამიანი დაესწრო, პრეზიდენტის მთავარი წინასაარჩევნო გამოსვლა იყო. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვებიდან ერთ წელიწადში თუ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები (ევროკავშირის ყველა წევრი, ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) იმიგრაციის წინააღმდეგ კონტროლს არ გაამკაცრებენ, საფრანგეთს საერთოდ გამოიყვანს შეთანხმებიდან. სარკოზის იმიგრაციის დონის ორჯერ შემცირება სურს. შემდეგი მნიშვნელოვანი მესიჯი, ევროკავშირის მასშტაბით ადგილობრივი კომპანიებისათვის პროტექციონისტული ზომების შემოღების მოთხოვნა იყო. სარკოზის განცხადებით, საჭიროა ერთგვარი „შეიძინე ევროპული” შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საჯარო პროექტების კონტრაქტების მოსაპოვებლად ადგილობრივ (ევროპულ) კომპანიებს მიენიჭებათ უპირატესობა. სარკოზიმ პარალელი ამერიკის მსგავს აქტთან გაავლო – ბრიუსელის უმოქმედობის შემთხვევაში, საფრანგეთი ცალმხრივად იმოქმედებს. პრეზიდენტმა ფრანგ ბიზნესმენებსაც შეუტია, რომელთაც მაღალი გადასახადების გამო თავიანთი კაპიტალი და საქმიანობა უცხოეთში გააქვთ. სარკოზი მათ ახალი, კაპიტალის გატანის გადასახადის შემოღებით დაემუქრა.

სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაში, საწყის ეტაპზე, გარკვეული ადგილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც ეკავა. მერკელმა განაცხადა, რომ რაც უნდა მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, პირველ რიგში, სარკოზის უსურვებს. მან ოლანდთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა. მერკელს არ სურს სარკოზის სახით ევროპაში მოკავშირის დაკარგვა.

მერკელს საფრანგეთის პრეზიდენტი ევროზონის კრიზისის ტვირთის გასაზიარებლად სჭირდებოდა. სარკოზის კი, თავის მხრივ, სურდა ეჩვენებინა, რომ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, საფრანგეთი კვლავ ევროკავშირის ლიდერია. მერკელ-სარკოზის დუეტს ევროპაში მერკოზის უწოდებენ. თუმცა სარკოზიმ გადაწყვიტა კანცლერს კამპანიაში შედარებით ნაკლები ადგილი დაუთმოს – მერკელი საფრანგეთში ქამრების შემოჭერის მკაცრ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

სარკოზის კამპანიას შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას ონლაინგამოცემა Mediapart–მა. ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც თითქოს მიუთითებს, რომ სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანია ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. იმავე შინაარსის განცხადება ლიბიელი ექსდიქტატორის შვილმა, საიფ ალ-ისლამმაც გააკეთა 2011 წელს, ლიბიაში NATO-ს სამხედრო ინტერვენციის წინ. სარკოზის გუნდის სპიკერმა, ფრანკ ლუვრირმა, ბრალდებას სასაცილო და ცრუ უწოდა.

საფრანგეთის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების, Sciences Po-ს პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი ბრუნო კუტრე აღნიშნავს, რომ მარათონში სარკოზი თანდათან უმატებს. ის პირველივე ტურში ალბათ ვერ გაიმარჯვებს. მეორე ტური დაძაბული იქნება. პარალელურად, ფრანსუა ოლანდის კამპანია მძიმედ მიიწევს წინ. კუტრეს აზრით, მას ძალიან ცოტა სიახლე შეუძლია შესთავაზოს ამომრჩეველს.

ოლანდმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია სოციალურ უთანასწორობაზე, უმუშევრობაზე, განათლების პრობლემებსა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებაზე ააგო. კანდიდატს სურს, წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ფრანგებს საშემოსავლო გადასახადი 75%-მდე გაუზარდოს. საფრანგეთში ისედაც მაღალი გადასახადებია და მათგან მიღებული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ს შეადგენს. განვითარებული ქვეყნების კლუბის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 34%-ია. ამის შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის, თუ რატომ გარბიან ქვეყნიდან ფრანგი ბიზნესმენები თავიანთ ფულთან ერთად.

ოლანდმა ევროპის ფისკალურ აქტსაც შეუტია, რომელსაც ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. აქტი მიზნად ხელმომწერ ქვეყნებში საბიუჯეტო დისციპლინის გაუმჯობესებას ისახავს. სოციალისტური პარტიის კანდიდატის აზრით, ფისკალური აქტი არასრულყოფილია. მან განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოითხოვს, მასში მინიმალური ეკონომიკური ზრდის მიღწევის პუნქტი ჩაიდოს. ანალიტიკოსების აზრით, თუ ოლანდი მართლაც აპირებს რატიფიკაციის მომლოდინე ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლებას, მაშინ რატიფიკაცია ჩავარდება და ევროპის საკანონმდებლო პროცესი დარტყმას მიიღებს. თუკი ოლანდის განცხადება მისი წინასაარჩევნო ფანდია, მაშინ, შესაძლოა, საფრანგეთის სანდოობას ჩრდილი მიადგეს.

ოლანდის მთავარი სისუსტე ლიდერის თვისებების ნაკლებობაა. ამას გარდა, მას მთავრობაში პოსტი არასოდეს ეკავა. ფრანგი ამომრჩევლები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, ოლანდს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება გაუჭირდება. სარკოზი ამ ფაქტის გამოყენებასაც ცდილობს. 11 მარტის მიტინგზე პრეზიდენტს მხარი დაუმშვენეს პრემიერმა ფიიონმა და კაბინეტის სხვა წევრებმა, რაც სარკოზის გამოცდილებასა და ლიდერობის უნარზე მინიშნება იყო.

სარკოზისთან დაპირისპირების გარდა, ოლანდს რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსის, კოალიცია მემარცხენე ფრონტის ლიდერის ჟან-ლუკ მელანშონისთვისაც მოუწევს ყურადღების დათმობა. თუ ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ ამომრჩეველთა ნაწილს, სავარაუდოდ, სარკოზის წაართმევს, მელანშონი სწორედ ოლანდის ხმებს ემუქრება. კომუნისტების მოკავშირე მელანშონი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც მარინ ლე პენის გამოხტომებს აქტიურად უპირისპირდებოდა სატელევიზიო გამოსვლებში. ამან მისი რეიტინგი ასწია კიდეც.

მარინ ლე პენი, თავის მხრივ, ეცდება არჩევნების მთავარი თემა გახდეს. მან ძლივს მოახერხა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება. ამისთვის საკუთარ თანამდებობაზე არჩეული 500 ოფიციალური პირის, მათ შორის ქალაქის მერთა და დეპარტამენტების (ადმინისტრაციული ერთეული) ადგილობრივი თვითმმართველობების წევრების, მხარდაჭერის ხელმოწერა იყო საჭირო. საფრანგეთის წამყვანმა პარტიებმა ლე პენს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს – მათმა წარმომადგენლებმა ნაციონალური ფრონტის ლიდერის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ლე პენს მეორე ტურში გასვლის უმცირესი შანსები აქვს, თუმცა, შესაძლოა, სწორედ მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. ლე პენს იმიგრაციის 20-ჯერ შემცირება, ფრანგული ინდუსტრიის მხარდასაჭერად პროტექციონისტული ზომების გატარება, ქვეყნის ევროზონიდან გამოყვანა და ვალუტად ფრანკის დაბრუნება სურს.

ლე პენის რეიტინგი 15%-ის მიდამოებში მერყეობს. მეოთხე ადგილზე ფრანსუა ბეირუა 12-13%-ით. მელანშონის რეიტინგი 10%-ს აღწევს. 500 ხელმოწერის მოგროვება და დარეგისტრირება ვერ მოახერხა სარკოზის ყოფილმა თანაპარტიელმა და ყოფილმა პრემიერმა დომინიკ დე ვილპენმა. მისი მისია არჩევნებზე სარკოზისთვის ხმების წართმევა იქნებოდა. პრეზიდენტობისთვის ათამდე კანდიდატია დარეგისტრირებული. თუმცა, პირველი ხუთეულის გარდა, დანარჩენებს, საგაზეთო სვეტებსა და სატელევიზიო გადაცემებში მცირეოდენი ადგილის მოპოვებით მოუწევთ დაკმაყოფილება.

კომენტარები