აშშ-რუსეთის ურთიერთობები

ობამას პირველი სატელეფონო ზარი პუტინთან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც 4 მარტის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს  საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მისალოცად დაურეკა. ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბარაკ ობამამ აღნიშნა აშშ-რუსეთის თანამშრომლობაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, პრეზიდენტ მედვედევთან ურთიერთობით გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები, მათ შორის თანამშრომლობა ავღანეთის საკითხში და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე შეთანხმების მიღწევის საკითხში. თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ითქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობაში უნდა გაგრძელდეს  „ გადატვირთვის პოლიტიკა," მხარეები შეთანხმდნენ განიხილონ საკითხები, რომლებთან მიმართებითაც ვაშინგტონის და  მოსკოვის პოზიციები განსხვავებულია, მაგალითად სირიის საკითხი და ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების საკითხი. ობამამ პუტინს უთხრა, რომ ელის „დიდი რვიანის“ სამიტზე კემპ დევიდში. შეგახსენებთ, აღნიშნულ სამიტს ჩიკაგოს ნაცვლად კემპ დევიდი უმასპინძლებს, 2012 წლის 18-19 მაისს.

გუშინდელ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განმარტება მოსკოვშიც გააკეთეს. პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის სიტყვებით, ობამასა და პუტინს შორის საუბარი 20 წუთს გაგრძელდა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობებში არის ყველა საფუძველი მნიშვნელოვანი წინსვლისთვის და   ობამას მოსკოვისა და ვაშინგტონის უთანხმოება შეახსენა ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. იური უშაკოვის თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სატელეფონო ზარისთვის და მილოცვისთვის, ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რუსეთის და აშშ-ს თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთარებით „დღევანდელ ტურბულენტურ სიტუაციაში“ და ბარაკ ობამას  უსურვა წარმატებებში საარჩევნო კამპანიაში.

 

კომენტარები