რუსეთის არჩევნები

პუტინი გამარჯვებულად გამოაცხადეს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა - ამის შესახებ დღეს პრეს-კონფერენციაზე ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ვლადიმირ ჩუროვმა განაცხადა. ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შედეგად, რუსეთის მოქმედმა პრემიერმა ხმათა 63,75% მიიღო.

მეორე ადგილი კომუნისტთა ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა დაიკავა - 17,19% , მესამე - დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიხაილ პროხოროვმა - 7,84%. ლიბერალ-დემოკრატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ და სპრავედლივაია როსიას ლიდერმა სერგეი მირონოვმა 6,23 და 3,85% მიიღეს. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 65,3% გამოცხადდა. 90 პროცენტზე მეტი ხმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში მიიღო.

ასოციაცია გოლოსის ინფორმაციით, რომელიც ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს, ამ მომენტისათვის არსებულ მონაცემებით, პუტინმა ხმების 50,28% მიიღო, ზიუგანოვმა 19,22%, პროხოროვმა 17,29%, ჟირინოვსკიმ და მირონოვმა - 6,25 და 5,09%.

დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის „კარუსელები“ და ბიულეტენების ჩაყრა. იმ უბნებზე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც დამკვირვებლებს დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, პუტინმა ხმათა მხოლოდ 40 პროცენტამდე მიიღო.

პუტინის გამარჯვება მისმა მხარდამჭერებმა გვიან საღამოს მრავალათასიანი აქციებით აღნიშნეს. ამ აქციების მონაწილეთა დიდი ნაწილი ცენტრალურ მოედნებზე ორგანიზებულად მიიყვანეს.  დღეს საღამოს ოპოზიცია პუშკინის მოედანზე სანქცირებულ მიტინგს გამართავს. აქციის მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. 

 

კომენტარები