ავღანეთი

თალიბანი მოლაპარაკებებზე თანხმდება

თალიბანსა და აშშ-ს შორის ყატარში სპეციალური ოფისის გახსნაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია პირველად თალიბანმა გაავრცელა. დიალოგის განახლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ თალიბანის უმაღლესი მეთაურის, მოლა ომარის „ძებნილ ტერორისტთა” სიიდან ამოღებას უკავშირებენ. თალიბანმა პირობა დადო, რომ ყატარის ოფისს პროპაგანდისა და რეკრუტირებისთვის არ გამოიყენებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის შერიგების პერსპექტივებს.

სკეპტიკურად განწყობილთა შორის ავღანური საზოგადოება გამოირჩევა. მართალია, ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ დადებითად შეაფასა პოლიტიკური ოფისის გახსნა, მაგრამ მას ოპონენტების პოზიციის გათვალისწინებაც მოუწევს. როგორც ცნობილია, ავღანეთი ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. მოსახლეობის უმრავლესობას პუშტუნები (42%) წარმოადგენენ, თალიბანის მოძრაობა ძირითადად ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ თავად ყარზაიც პუშტუნია. დანარჩენ ეთნოსებს შორის გამოირჩევიან ტაჯიკები (27%), ჰაზარები (9%), უზბეკები (9%), აიმაკები (4%), თურქმენები (3%). სწორედ მათ შექმნეს ჩრდილოეთ ალიანსი, რომელიც თალიბების რეჟიმს 1990-იან წლებში დაუპირისპირდა. მათ შორის უნდობლობა დღემდე არსებობს. ბევრი შიშობს, რომ უმცირესობების მხარდაჭერის გარეშე დიალოგი ქვეყანაში ეთნიკურ შუღლს გააღვივებს, რაც სამოქალაქო ომში გადაიზრდება.

ავღანელები ეჭვქვეშ აყენებენ თალიბების მოლაპარაკებებისადმი დაინტერესებასაც და აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოტივი თალიბანი მებრძოლების გათავისუფლებაა. ომარმა სამშვიდობო პროცესის განახლების წინაპირობად გუანტანამოს ციხიდან ავღანელი პატიმრების გაშვება და ქვეყნიდან დასავლეთის ძალების სრული გაყვანა დაასახელა. სხვადასხვა გამოთვლების მიხედვით, ამერიკელებმა დღემდე დაახლოებით 800 თალიბანელი მებრძოლი გაათავისუფლეს და მათი უმეტესობა კვლავაც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდა. წინა თვეში აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მიერ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, თალიბანის მთავარ მიზანს კვლავაც ავღანეთის ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს.

თალიბანისა და ყარზაის რეჟიმის შერიგებას წლების განმავლობაში ცდილობენ. თალიბებმა პოზიციების დათმობაზე უარი განაცხადეს. გასულ წელს დიალოგი სწორედ თალიბანის მიერ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბინის მკვლელობის გამო ჩაიშალა. ობამას კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი დროის მოგების სურვილია. მოლაპარაკების წახალისების მიზნით, NATO-ს ძალები თალიბანზე სამხედრო ზეწოლას შეარბილებს. ეს თალიბანს 2014 წლამდე პოზიციების გამაგრების

შესაძლებლობას მისცემს. უნდობლობას მათი ლიდერის, მოლა ომარის პიროვნებაც განაპირობებს.

ომარმა თალიბანი 1994 წელს, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ წარმოქმნილი ქაოსის საპასუხოდ, დააარსა. მოძრაობამ 1996 წელს ქაბულის აღებაც მოახერხა. მის ბიოგრაფიაში ყველაზე საგანგაშო დასავლეთისთვის ალ-ყაიდას ყოფილ ლიდერთან, ბინ ლადენთან მჭიდრო კავშირებია. მიჩნეულია, რომ თალიბანმა სწორედ ბინ ლადენის ფინანსური დახმარებით მოახერხა ქაბულის ხელში ჩაგდება. თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბინ ლადენი ყანდაარში გადავიდა და საწვრთნელი ბანაკების მოწყობას შეუდგა. გავრცელებული ცნობით, ბინ ლადენსა და ომარს ნათესაური კავშირებიც გააჩნიათ. ბევრს სჯერა, რომ ომარმა ცოლად მოიყვანა ბინ ლადენის ქალიშვილი, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ომარის შვილზეა დაქორწინებული. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ბინ ლადენმა სწორედ ომარისგან მიიღო: მან უარი განაცხადა ალ-ყაიდას ლიდერის დასავლეთისთვის გადაცემაზე, რაც ავღანეთში NATO-ს ჯარების შეჭრის მიზეზი გახდა.

2001 წელს ომის დაწყების შემდეგ ომარი პაკისტანში გაიქცა. დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ, იგი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე იმყოფება. დასავლეთის ლიდერები პაკისტანის უწყებათაშორის დაზვერვას (ISI) მის მფარველობაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ თალიბებმა პაკისტანთან კავშირების დამყარება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოახერხეს. ISI დაჯგუფებას წლების განმავლობაში ფინანსური და შეიარაღების კუთხით ამარაგებდა. რადიკალი მეამბოხეების მხარდაჭერის მთავარი მამოძრავებელი ავღანეთის შიდა პროცესებზე გავლენის შენარჩუნებაა. პაკისტანს სტაბილური ავღანეთი ნაკლებად აძლევს ხელს. ეს უკანასკნელი ინდოეთის პოტენციური მოკავშირე გახდება. პაკისტანი შიშობს, რომ ინდოეთი ავღანელ პუშტუნებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები იმავე ეთნიკური ჯგუფის წასაქეზებლად გამოიყენებს. ეს ქვეყანას ტერორისტებთან, მათ შორის ომართან, თანამშრომლობისკენ უბიძგებს.

ომარმა პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში ავღანეთიდან გამოქცეული თალიბებისგან შემდგარი მოძრაობა, ე.წ. Quetta Shura დააარსა. მთავარი მიზანი ქაბულზე კონტროლის აღდგენა გახდა. ავღანელ ამბოხებულებს ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად ფინანსურ, სამხედრო, ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა. საჭირო თანხებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში დონორების მოძიებით ახერხებდა. მან პაკისტანიდან თალიბანის სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების რეორგანიზაცია მოახდინა. ეწინააღმდეგება დასავლეთის რეგიონში ჩართულობას, ავღანეთის მთავრობას კი დასავლეთის მარიონეტად განიხილავს. ავღანეთში თალიბანს დაახლოებით 25 ათასი მეამბოხე უცხადებს ლოიალურობას. ბევრი შიშობს, რომ NATO-ს ჯარების გამოსვლის შემდეგ, ისინი ფეხს უფრო მოიკიდებენ.

საგულისხმოა ობამას კრიტიკოსების მოსაზრებებიც. მათ აზრით, დიალოგის ინიცირებით გამომჟღავნდა, რომ პრეზიდენტს ავღანეთის პრობლემაზე შორსმიმავალი სტრატეგია არ აქვს და ამ ინიციატივით უბრალოდ ჯარების გამოყვანის გამართლება სურს. აღნიშნულ საკითხს წინასწარდაგეგმილი ხედვა სჭირდება. მათი მიზანი – 2014 წლისთვის მხარეების შერიგება – მისაღებია, თუმცა ადმინისტრაცია შიდა და გარე აქტორების ქმედებებსა და ინტერესებს არ ითვალისწინებს. კერძოდ, მიიჩნევა, რომ თალიბანთან დიალოგი არაპუშტუნი მოსახლეობის მარგინალიზაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. რეგიონული ძალებიდან კი საკვანძოა პაკისტანის კონსტრუქციული როლი. ობამას კრიტიკოსებს სჯერათ, რომ პირველ რიგში პაკისტანთან ურთიერთობის დალაგება და ავღანეთის საკითხში მისი გარანტირებული მხარდაჭერაა აუცილებელი.

ზოგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ყატარში ოფისის გახსნა, თალიბანის საერთაშორისო ლეგიტიმაციას გაზრდის. გუანტანამოს ციხიდან თალიბების გათავისუფლებას – მათ, როგორც ერთ-ერთი მხარედ და არა როგორც რადიკალურ მეამბოხეებად, წარმოჩენად რაცხავენ. ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს თალიბანის დაპირებას, ყატარში საკუთარი პროპაგანდის გაწევის უარყოფის შესახებ. ზოგი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი საკუთარ მტერს დიალოგის დაწყებას ეხვეწება. მიზეზად კი ადმინისტრაციის მოკლევადიან ინტერესს, დაპირებულ დროში ჯარების გამოყვანას, აცხადებენ. უფრო მეტიც, მათ მტკიცებით, ობამას პოლიტიკა ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობის დათვლითაა დაკავებული, მაშინ როცა ომის მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია.

ზოგი ობამას კრიტიკას თავად თალიბანის თავისებურებებზე აგებს. 2010 წლის შერიგების მოლაპარაკებების მცდელობა მათ აფიქრებინებთ, რომ მოძრაობის ყველა ფრთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა რთულია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, შერიგების მცდელობებზე მხოლოდ დაბალი რანგის ლიდერები თანხმდებიან, მაშინ როცა საკვანძო ფიგურები დიალოგს თავს არიდებენ. გარდა ამისა, თალიბანი თავდასხმებსა და ბრძოლით სტრატეგიაზე უარს არ აცხადებს.

მოძრაობის მხრიდან მოლაპარაკებისადმი ინტერესის გამოხატვა ალ-ყაიდასთან დისტანცირების მცდელობაა. თუმცა მათ შორის აქამდე არსებული კავშირების გათვალისწინებით, ბევრი შიშობს, რომ თალიბების მომძლავრებით შესაძლოა ალ-ყაიდამაც ისარგებლოს. ამიტომაც, სკეპტიკურად განწყობილები, თალიბების წინაპირობების მიღებას და დიალოგის დაწყებას აშშ-ის დამარცხებულად წარმოჩენად აფასებენ. მათი მოსაზრებით, ამით დასავლეთი დაკარგავს ყველა იმ მიღწევას და პოზიტიურ ცვლილებას, რაც ავღანეთში სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკის იმიჯზე მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი ავღანეთის ოპერაციებში ჩართულ ქვეყნებთან, ურთიერთობაში. საქართველო ერთ-ერთია, რომელიც დასავლეთს ამ ოპერაციაში უწევს დახმარებას. დღეისათვის ოფიციალურ თბილისს 150 ჯარისკაცი ქაბულში, 750 კი ჰელმანდის პროვინციაში ჰყავს გაგზავნილი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი თალიბების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება.

კომენტარები