განათლება

მომავალი წლის სტრატეგია განათლების სამინისტროსგან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმას დანერგავენ და ამ კლასებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება. ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა.

გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. გაგრძლდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. მინისტრის თქმით, პროგრამაში ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე კი მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება. ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები.

პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა. ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს. გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები. უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად კი ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ. გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა „აინშტაინი“-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.

მოსწავლეებისთვის სიახლე იქნება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რაც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს. საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობას კი სამინისტრო ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადაამზადებს.

2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია 20 ახალი სკოლის აშენება. სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი, 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი.

 

კომენტარები