ივანიშვილის მოქალაქეობა

სახალხო დამცველი: ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო ოყო

სახალხო დამცველის აპარატმა დღეს რეკომენდაცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტი 2011 წლის 18 ნოემბრით არის დათარიღებული.

 როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, მან შეგნებულად შეიკავა თავი ამ რეკომენდაციის გასაჯაროებისგან, რადგან საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.

 "დღეს, როდესაც სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი რეკომენდაციის შესახებ და გამოვთქვამთ იმედს, რომ პრეზიდენტი აღარ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკატერინა ხვედელიძესთან მიმართებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილი მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში არღვევდა ამ უკანასკნელის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგანაც მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. თუმცა, დაადგინა, რომ იმავე ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა. შესაბამისად, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ეკატერინე ხვედელიძის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით სასამართლო ბაჟის ანაზღაურებაც დააკისრა.

 

კომენტარები