ივანიშვილის მოქალაქეობა

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას ისევ ითხოვს

ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ დღეს ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, მათ 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომლითაც სამოქალაქო რეესტრის დასკვნის ბათილად ცნობა და პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვეს.

ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უმოქმედობით უხეშად დაარღვია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ღებულობს გადაწყვეტილებას მოქალაქედ მიღების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. პასუხად კი 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მას მოქალაეობის მინიჭებაზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ამ გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას კი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.რეესტრის დასკვნაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მოემართა.

შეგახსენებთ, მანამდე ივანიშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ივანიშვილს ევროპული პასპორტით არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, ივანიშვილმა მიიღო გაცილებით მეტი ვიდრე ითხოვდა. ადვოკატები ასევე აცხადებდნენ, რომ ივანიშვილი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. იგივე აცხადებდნენ ქართული ოცნების ლიდერები.

 

ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა გასული წლის ოქტომბერში, სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა. ამის მიზეზი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ივანიშვილის მიერ უცხო ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება გახდა.

 

კომენტარები