ეგვიპტე

არჩევნებში მუსლიმური საძმო ლიდერობს

კიდევ ერთი მასობრივი გამოსვლის შემდეგ ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნები სამ ეტაპად ჩატარდება. პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შემდეგი ეტაპი 14-15 დეკემბერს (მეორე ტური 21 დეკემბერს), ბოლო მესამე ეტაპი კი 3-4 იანვარს (მეორე ტური 10 იანვარს) გაიმართება. იანვარშივე, სამ ეტაპად განხორციელდება პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებიც და 11 მარტს დამთავრდება. 

ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატაში ანუ სახალხო ასამბლეაში, 508 მანდატია. 498 ადგილი არჩევნების შედეგების მიხედვით ნაწილდება, დარჩენილ 10 პარლამენტარს კი პრეზიდენტი ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი მათ სამხედრო საბჭო შეარჩევს. 498 არჩევითი ადგილიდან, 332 ადგილი პარტიების შედეგების მიხედვით პროპორციულად განაწილდება, 166 მანდატი ინდივიდუალური კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი. ზედა პალატაში კი 270 ადგილია. 

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მუსლიმური საძმო ლიდერობს. 

მუსლიმური საძმო ქვეყანაში ერთადერთი პარტიაა ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურით. ორგანიზაცია მუბარაქის დროს რეპრესირებული იყო. თუმცა მისი ბევრი წევრი საპარლამენტო გამოცდილებასაც ფლობს, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიდნენ კენჭს. მუბარაქის ჩამოგდებიდან  9 თვე გავიდა, თუმცა სხვა პარტიებმა ორგანიზება ჯერ ვერ შეძლეს. შესაბამისად, მუსლიმური საძმო დაინტერესებული იყო, არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო.

თუმცა მუსლიმური საძმო ერთიანი ორგანიზაცია არ არის. ის მთელ ეგვიპტეს და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. ზოგან ისლამის პარტიულ იდეოლოგიად ინკორპორაციის მცდელობაა, ზოგან კი ლიბერალური ფრთა ჭარბობს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში შედარებით ლიბერალ აქტივისტებს ორგანიზაციიდან რიცხავენ. ამის შესახებ ის ბლოგერები წერენ, რომლებიც რევოლუციის დროს თავს მუსლიმურ საძმოსთან აიგივებდნენ, თუმცა დღეს ორგანიზაციის გარეთ აღმოჩნდნენ.

წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზე, ახალი ვაფდის პარტიაა. ივნისში მათ მუსლიმურ საძმოსთან კოალიციაში შესვლის შესახებ გამოაცხადეს. თუმცა მომავალ კონსტიტუციაზე შეუთანხმებლობის გამო, კოალიციიდან გავიდნენ და ახალ, ლიბერალურ კოალიციას შეუერთდნენ.

ლიბერალური პარტიები ერთიან კოალიციად, ეგვიპტის ბლოკად გაერთიანდნენ. ისინი სეკულარიზმს და სამოქალაქო საზოგადოებას უჭერენ მხარს.

არჩევნებში მუსლიმურ საძმოზე რადიკალური, ისლამისტურ-სალაფისტური პარტია ალ ნურიც მონაწილეობს. მდედრობითი კანდიდატების სურათების ნაცვლად პარტიამ ყვავილები გამოიყენა, რათა ისლამური კულტურისთვის ხაზი გაესვა. ეს პარტია შედარებით ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მომხრეები უფრო ალექსანდრიაში არიან კონცენტრირებული.

პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად, 5 სოციალისტური პარტიის კოალიცია და სამართლიანობის პარტიაც იბრძვის.

მუბარაქის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს. მისი წევრების წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა, სასამართლოში შევიდა პარტიის აკრძალვის მოთხოვნაც, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აპრილში პარტიის ლიდერად ყოფილი პრეზიდენტის, ანვარ სადათის ძმისშვილი – ტალაატ სადათი დაინიშნა. მან პარტია ძველი პოლიტიკოსებისგან გაწმინდა და სხვა სახელი – ახალი ნაციონალური პარტია – უწოდა. პარლამენტში ადგილების მოპოვებას ისიც ცდილობს. 

დღეს ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემად უსაფრთხოება და სტაბილურობა რჩება (36%). ამომრჩეველი დიდ ყურადღებას აქცევს ინფლაციას (19%), უმუშევრობას (26%), კორუფციას (5%), სიღარიბეს (4%). დემოკრატიას კი ამომრჩევლის 1% თვლის ყველაზე მნიშვნელოვნად.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მუსლიმურ საძმოს უმრავლესობაზე დაფუძნებული მთავრობის ჩამოყალიბება სურს. თუმცა, სამხედრო საბჭოს განცხადებით, მის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მუშაობას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს. სამხედრო საბჭოს გეგმით, 100-წევრიანი კონსტიტუციური საბჭო უნდა შექმნილიყო. მათ მიერ კონსტიტუციის შემუშავების შემდეგ კი პრეზიდენტი აირჩეოდა. თუმცა პროცესი შედარებით დიდ დროს მოითხოვდა, რის გამოც პრეზიდენტის არჩევა 2013 წლამდე ვერ მოხერხდებოდა. ქუჩაში გამოსვლით ეგვიპტელები სამხედრო საბჭოს აიძულებენ, რომ სამოქალაქო მთავრობა მალე ჩამოყალიბდეს. 

დასავლეთში ზოგიერთი ექსპერტი ოპტიმიზმით აკვირდება ეგვიპტის არჩევნებს. თუმცა ზოგი მუსლიმური საძმოს რადიკალიზაციის საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

კომენტარები