ეგვიპტე

ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდიანი ფინანსური პაკეტით დაეხმარება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფათაჰ ალ-სისი
Egyptian Presidency/AFP

17 მარტს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ 2024-2027 წლების განმავლობაში ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდის დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. დახმარების შესახებ ცნობები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში გავრცელდა.

დაფინანსების მიზანი ეგვიპტისთვის ეკონომიკის სტაბილიზაციაში დახმარება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიგრაციის დონის შეზღუდვაში ძალისხმევის გაძლიერებაა. პაკეტი €5 მილიარდის მაკროფინანსურ დახმარებას, €1.8 მილიარდის რაოდენობის ინვესტიციებსა და €600 მილიონის გრანტებს მოიცავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა X-ზე ევროკავშირსა და ეგვიპტეს შორის "სტრატეგიულ პარტნიორობაზე" გაამახვილა ყურადღება. "ეგვიპტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონასა და დაძაბულ სამეზობლოში სტრატეგიული ადგილმდებარეობასთან ერთად, ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა დროსთან ერთად უფრო გაიზრდება".

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდულ ფათაჰ ალ-სისის უწყებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიზანი, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვნად გაზრდაა, რათა ორივე მხარემ საერთო ინტერესებს მიაღწიონ.

კომენტარები