ჩოგბურთი

ინტერვიუ ანა ტატიშვილთან

მთავარია ფსიქოლოგიური გამძლეობა

ანა ტატიშვილი ფლორიდაში ვარჯიშობს. ანა წარმატებული ჩოგბურთელია, კითხულობს სტენდალს, უსმენს იმას, რასაც იმახსოვრებს და უფრო Coldplay ახსოვს. ტატიშვილმა იცის, რომ საჩოგბურთო გრამატიკა ჯერ ბოლომდე ვერ აითვისა და თუ ამ პროცესს მალე მორჩება, უფრო საინტერესო პერსონაჟი იქნება. ტატიშვილი ერთეულების რეიტინგში ოთხმოცდამეცხრეა. ჩვენი სურვილია, უფრო მაღლა იყოს. ამაში, ჩვენი და ანას სურვილები ემთხვევა. ახალ სეზონში ტატიშვილს წინა წლებთან შედარებით, მეტი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. საინტერესო პროცესია. მისთვის გოგონების პრო ტურზე ავტოგრაფის დატოვების პროცედურა ოდნავ გაიწელა. ანაში დიდი დოზით ნიჭია. უბრალოდ, ეს ნიჭი ცოტა გვიან დაინახეს, ცოტა გვიან გამოიყენეს და ტატიშვილმა საინტერესო სამყაროში შესვლა დააგვიანა. ჩოგბურთის თამაში ბევრი წლის წინ აქ, თბილისში დაიწყო და კრის ევერტის აკადემიაში გააგრძელა.

21 წლისაა. აქვს ძალიან კარგი დარტყმა მარცხნიდან და სტაბილურია მიღებაზე. გამოსასწორებელი აქვს ჩაწოდება. ტატიშვილი დიდ გოგონებს რამდენჯერმე გაესაუბრა და ძირითადად, წააგო. ორჯერ (ჩარლსტონში და უიმბლდონზე) ჩვენი გოგო ბელგიელმა იანინა ვიკმაიერმა გააჩერა. ბაქოში ტატიშვილს (იმ მომენტში) რეიტინგის მესამე ნომერმა, რუსმა ვერა ზვონარევამ მოუგო. ჩარლსტონში ტატიშვილმა ვიკმაიერთან შეხვედრამდე გააგდო ელენა დოკიჩი და მარია კირილენკო. ანას კარიერაში ყველაზე სრული, წარმატებული სეზონი ჰქონდა. ტატიშვილმაც იცის, რომ წაგება ყველა ვარიანტში წაგებაა, მაგრამ ინდივიდუალურ ტესტებში წაგებით უფრო მეტს ითვისებ. უკეთესისგან უკეთეს ელემენტებს იღებ და შენც უკეთესი ხდები. ამაში გვეთანხმება ანაც, რომელსაც თბილისში ვესაუბრეთ.

ანა ტატიშვილი: „ვიკმაიერი არასტაბილურია, მაგრამ ტურზე ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. იცი, ვერ დაუმესიჯებ მეგობარს და მისწერ, დღეს წავაგე, მაგრამ კარგი იყო და მშვენიერ ხასიათზე ვარ... წაგებით მშვენიერ ხასიათზე ვერ იქნები. ეს არალოგიკურია. უბრალოდ, ფავორიტისგან უკეთ თამაშს, ენერგიის გადანაწილებას, სიმშვიდეს სწავლობ. ვიკმაიერს ორ შეხვედრაში მოვუგე ერთი სეტი, მაგრამ ერთი სეტით მასზე უკეთესი ვიყავი. იმ ერთი სეტის განწყობის შენარჩუნება უკვე რთულია. ფავორიტი ხედავს, რომ დამშვიდდი, ალბათ, დაგიგდებს ტემპს და მშვიდად შეგიყვანს თავის ტერიტორიაზე. ჩარლსტონში ვიკმაიერმა 6:4, 7:5 მომიგო. ნელ საფარზე იანინასთან მოგება უფრო რეალურია. უიმბლდონზე ვიკმაიერი ფავორიტია. არა მარტო ჩემთან. ბალახზე (ნებისმიერ სხვა სწრაფ საფარზე) ძლიერი ჩაწოდება და სწრაფი ჩოგბურთი იგებს. ვიკმაიერს ეს აქვს. უიმბლდონზე პირველ სეტში მე ვიყავი ვიკმაიერი და იანინა – ტატიშვილი. სეტი 6:3 მოვიგე. მეორე სეტიც ნორმალურად დავიწყე. ბოლომდე, სამწუხაროდ, ვერ მივედი. ვიკმაიერმა ბოლო ორი სეტი 6:4, 6:2 მოიგო. უიმბლდონზე ერთი წრე გავიარე (ანამ ვიკმაიერამდე ანასტასია პივოვაროვას 3:6, 6:2, 6:3 მოუგო) და ეს უკვე შედეგია. უკეთესი შედეგი უკეთესი იქნებოდა. ალბათ, ვიკმაიერიც უკეთეს შედეგზე ფიქრობდა, უიმბლდონის მოგება უნდოდა. მეოთხე წრეში პეტრა კვიტოვასთან წააგო.

89-ე ადგილი შენთვის წარმატებაა?

წინა სეზონებიდან გამომდინარე, ალბათ, წარმატებაა. ნიჭით სხვაზე უკეთესი მხოლოდ პოტენციურად, სხვების შეფასების დროს ხარ. კორტზე ნიჭთან ერთად სხვა ნიუანსებშიც უნდა ივარგო. მთავარია ფსიქოლოგიური გამძლეობა. მოთამაშე, რომელიც იოლად, მშვიდად ცვლის ტემპს და მოწინააღმდეგეს თავის ჩოგბურთს ათამაშებს, ყოველთვის სხვაზე მეტს მოიგებს. საკუთარი შანსი უნდა გამოიყენო, მაგრამ ერთ გათამაშებაში, ერთ გეიმში, სეტში მთელი ენერგია არ უნდა ჩადო. თუ ხედავ, რომ პირველი სეტი წაგებულია, გადაერთე მეორეზე და მშვიდად იყავი. თუ პირიქით, გრძნობ, რომ მოწინააღმდეგე რომელიმე კონკრეტული სეტის მომგები არ არის, ზედმეტად ნუ დაიღლები, ის, მეორე მოთამაშე, იმ სეტს ისედაც წააგებს. ამას შენ თვითონ უნდა ამჩნევდე, კითხულობდე სხვის თამაშს, გრძნობდე მის განწყობას. უიმბლდონზე მოვუგე პირველი სეტი ვიკმაიერს და ვგრძნობდი, რომ მეორე სეტში მისგან უფრო სწრაფი, აგრესიული ჩოგბურთი წამოვიდოდა. ვიკმაიერი მთლიანად აგრესიაა. ოღონდ, მხოლოდ კორტზე. ისე, მშვიდი, საყვარელი ტიპია.

თამაშის რა კომპონენტები გაქვს გასაუმჯობესებელი?

იდეალური მოთამაშე არ არსებობს. ასე რომ, ჩემზე ბევრად წარმატებული ჩოგბურთელებიც მუშაობენ საკუთარ თავზე და ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, უკეთ მოემზადონ ნებისმიერი ტესტისთვის. ჩაწოდება, მიღებაზე თამაში, ბადესთან გასვლა – კარგი მოთამაშე ყველა ამ კომპონენტში სტაბილური უნდა იყოს. თუ თავიდანვე ბევრს იგებ, სტაბილურ დონეზე უფრო მშვიდად, მარტივად გადიხარ. თუ ეგრევე არ აგეწყო, მეტ დროს საკუთარ თავზე მუშაობას უთმობ და პროცესში დროს კარგავ. სხვა გისწრებს და ორმაგად იტვირთები. იცით, ეს საინტერესოა, მაგრამ ფიზიკურად უნდა გაძლო. თუ ფიზიკურად გაძლებ, უკეთესი, წარმატებული მოთამაშე იქნები.

გაიხსენე როლან გაროზე, მარიონ ბარტოლისთან შეხვედრა.

ორივემ მაგრად ვინერვიულეთ. ბარტოლი ფრანგების ფავორიტია, ტურნირის ერთ-ერთი ვარსკვლავი და თავისთავად, ცენტრალურ კორტზე უნდა იდგეს. როლან გაროს ძირითად ტურნირში პირველად ვარ და ეგრევე ცენტრალურ კორტზე, ფრანგთან, კარგ, ჩემზე გამოცდილ ფრანგთან. რთული შეხვედრა იყო. ბარტოლი იშვიათად თამაშობს ფრთხილ, მომთმენ ჩოგბურთს. ძირითადად, ემოციით გიგებს. რა თქმა უნდა, მარიონი ნიჭიერი გოგოა და მხოლოდ ემოციით პირველ ათეულში ვერ შეხვალ. ბარტოლი იმ მომენტშიც მშვენიერ ფორმაში გახლდათ და მასთან ერთი სეტის მოგება მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ, მერე გამახსენდა, იმ, მოგებულ სეტში ბარტოლიზე კარგი, სტაბილური რომ ვიყავი... ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ წაგებაში ბევრი პოზიტივია. შენზე კარგი მოთამაშისგან იმის აღება, რაც მანამდე არ გქონდა, სხვა თემაა, მაგრამ აგებ და ბრიფინგზე, ან ბრიფინგის მერეც თუ კარგ ხასიათზე ხარ... არ მესმის. ბარტოლისთან პირველ სეტს 6:1 ვიგებ. მეორე სეტს ბრეიქით ვიწყებ და მერე ტატიშვილი მორჩა. დაიწყო ბარტოლი. სამწუხაროდ. ის ორი სეტი 2:6, 1:6 წავაგე. მაგრად ვინერვიულე. ცენტრალურ კორტზე როჯერ ფედერერის მერე გავედი, ესეც მახსოვდა. ბარტოლიმ ცოტა ხანში უიმბლდონზე, სერენა უილიამსს მოუგო.

როდემდე აპირებ დასვენებას?

თბილისში ცოტა ხნით ვარ. ფლორიდაში დავბრუნდები და დეკემბრის მეორე ნახევრიდან ავსტრალიური სეზონისთვის უნდა მოვემზადო. პირველი ასეულის მოთამაშეს ყველგან კვალიფიკაციის გავლა აღარ გჭირდება და ეს უკვე მნიშვნელოვანია. ნაკლებად იღლები. მეტს მოძრაობ, მეტს ასწრებ, მეტს ისვენებ. დასვენებული, ყველა ვარიანტში მეტს მოიგებ. ეს ლოგიკურია. უბრალოდ, ჩოგბურთი ხანდახან ალოგიკურად მიდის. ესეც ნორმალურია.

 

კომენტარები