ჩოგბურთი

მედია: სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტის მხარდაჭერის გამო ჯოკოვიჩი საბერძნეთში გადავიდა

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოჯახთან ერთად სერბეთიდან საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. 

Proto Thema-ს მიხედვით, 38 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა სახლი ზღვისპირა ქალაქ გლიფადაში შეიძინა. ასევე, ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ ჯოკოვიჩმა ორი შვილი, 8 და 11 წლის, საბერძნეთში კერძო სკოლაში შეიყვანა. 

გარდა ამისა, ATP Tour-ის მიხედვით, 2-8 ნოემბერს, ბელგრადში გასამართი ტურნირი ათენში გაიმართება. ადგილმდებარეობის ცვლილების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა, სერბული მედიის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღო ჯოკოვიჩის ოჯახმა, რომელიც ხელმძღვანელობს ტურნირს. 

მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ჯოკოვიჩის საბერძნეთში გადასვლა სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტის მიმართ მხარდაჭერას უკავშირდება. 

სერბეთში 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო საპროტესტო აქციები, მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები