რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი 2026 წლის 6 ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს. 31 წლის ყოფილ პირველ ჩოგანს დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ინფორმაციას ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტო (ITIA) ავრცელებს.
ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 2022 წლის აგვისტოში აშშ-ს ღია პირველობაზე სინჯები ჩააბარა, რომლებშიც აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს. სექტემბერში ჩოგბურთელმა სეზონი ნაადრევად დაასრულა, მიზეზად ჰალეპმა ცხვირის ოპერაცია დაასახელა. ოქტომბერში დოპინგის ანალიზის პასუხი მოვიდა, ჩოგბურთელმა განმეორებით ანალიზი მოითხოვა.
ITIA-ს ტრიბუნალმა ჰალეპს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა ჩოგბურთელს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
სიმონა ჰალეპი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რუმინელი ჩოგბურთელი ქალია. კარიერაში მას 24 ტიტული აქვს მოპოვებული. სპორტსმენი ორი გრანდ სლემის ტურნირის - უიმბლდონისა და როლან გაროსის გამარჯვებულია. ამ დროისთვის ჰალეპი WTA-ს რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.