კინო

ენციკლოპედიური ლექსიკონი ქართული კინოს შესახებ

ათწლეულების წინ ჩაფიქრებული პროექტი, როგორც იქნა, დასრულდა და სულ მალე მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ამ წიგნს ქართული ანალოგი არ გააჩნია. ანბანური სისტემით შედგენილი ქართული კინოს ენციკლოპედია ათასამდე ბიოგრაფიასა და ფილმოგრაფიას აერთიანებს.

ლექსიკონი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინოსტუდია ქართულ ფილმთან თანამშრომლობით გამოიცა. პროექტის ავტორია კომპანია დამოუკიდებელი კინოპროექტის გენერალური პროდიუსერი არჩილ გელოვანი, ენციკლოპედიის არტ-რედაქტორი ბაჩა მალაზონიაა. წიგნი ვიზუალურად მიმზიდველი სწორედ მისი დამსახურებით გახდა, ხოლო გამოცემის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი მარინა კერესელიძეა.

როდის დაიწყეთ ამ წიგნზე მუშაობა და როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი?

ამ წიგნს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა ასეთი გამოცემის არსებობის აუცილებლობა, რადგანაც სულ უფრო მეტი უცხოელი ინტერესდებოდა ქართული კინოთი. 60-70-იან წლებში შეეცადნენ ენციკლოპედიის შექმნას, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ყველამ დაივიწყა ეს იდეა, სანამ პომპიდუს ცენტრი არ დაინტერესდა ენციკლოპედიის შექმნით. პომპიდუს ცენტრმა ქართული კინოს დღეები მოაწყო, სადაც ასამდე ქართული ფილმი აჩვენეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა არანაირი ბეჭდური მასალა, რომელსაც ქართული კინოთი დაინტერესებული უცხოელი გაეცნობოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული კინოენციკლოპედიის გაკეთება, თუმცა დაინტერესების და ბიუჯეტის არქონის გამო 2006 წელს სამუშაო პროცესი გაჩერდა. შემდეგ გამოჩნდა პროდიუსერი არჩილ გელოვანი, რომელიც დაინტერესდა წიგნის გამოცემით და 2009 წელს განვაახლეთ ენციკლოპედიაზე მუშაობა, ოღონდ ამჯერად მარტო ვმუშაობდი – 2-3 მოხალისესთან ერთად. საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ და წელს წიგნი დავასრულეთ.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ არაერთ ქართულ გამოცემაში დაიწერა ენციკლოპედიაში არსებულ შეცდომებზე...

გამოვიდა თუ არა წიგნი, მაშინვე თვალში მომხვდა რამდენიმე შეცდომა, რომელიც გამეპარა, დანარჩენ შენიშვნებს კი მკითხველისგან ველოდები, რათა შემდეგი გამოცემა ჩასწორებული ვერსიით გამოვიდეს და შეცდომები თავიდან ავიცილოთ. სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ ენციკლოპედიის განახლებული ვერსია გამოვა, უფრო დიდი და უფრო მეტად ენციკლოპედიური ხასიათის.

როდის გაიყიდება წიგნი?

ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დაიწყება წიგნის გაყიდვა და რა ეღირება ის. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იყო, წიგნი ნებისმიერი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

უკვე დაწყებულია ენციკლოპედიის ინგლისურ ენაზე თარგმნა. გამოცემის ინგლისური ვერსია სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლებში, არქივებსა და მუზეუმებში გაიგზავნება, ასევე წარმოდგენილი იქნება ფესტივალებსა და კინობაზრობებზე, რათა დაინტერესებული უცხოელები თანამედროვე და ძველ, საბჭოთა ქართულ ფილმებს გაეცნონ.

კომენტარები