რუსული კანონი

დაფიონი: უარს ვაცხადებთ რუსულ კანონზე ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის დისკუსიაზე

ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც რუსული კანონის შესახებ კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის ახალგაზრდებმა 10-მდე წარმომადგენელი უნდა გამოყონ.

"ჩვენ უარს ვაცხადებთ "რუსულ ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე, ვინაიდან რეპრესიული "რუსული კანონი" უკვე მესამე მოსმენით მიღებულია და სამართლებრივ კორექტირებას აღარ ექვემდებარება. დიპლომატიური მიდგომა თუ ვინმეს სურდა, ამისათვის მინიმუმ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ. ჩვენი გუნდიდანაც არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, სანამ აქტიურ სამოქალაქო წინააღმდეგობაში არ გადავედით და სანამ არ დაიწყეს ჩვენი ოჯახების ტერორი. ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა იქნება სტუდენტური ფიცის ღალატი. იმ რეპრესიულ რეალობაში, რაც "რუსულმა ოცნებამ" შეგვიქმნა ყველანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

დისკუსია და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორთა შორის და არა მონასა და ბატონს შორის, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ რუსეთის მონები და ვიბრძოლებთ სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დამთავრდება". - წერს დაფიონი.

17 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა Facebook-ზე დაწერა, რომ აქციებში მონაწილე ახაგაზრდებს სთავაზობს გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი კანონის გარშემო საჯარო დისკუსიისთვის. მისივე თქმით, ახალგაზრდებს შეუძლიათ "დისკუსიას დაასწრონ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ".

კომენტარები