2021 წელი განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო მაყურებლისთვის. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კინოს მოყვარულებს კვლავ მიეცათ საშუალება დარბაზის წყვდიადში, დიდ ეკრანზე ეხილათ ფილმები. კინოც მეტ-ნაკლებად უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს. თავად ხელოვანებსაც საკმარისზე მეტი დრო მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი იდეები მეტად დაეხვეწათ და დაემუშავებინათ.
წარმოგიდგენთ 2021 წლის საუკეთესო ფილმების ათეულს.
10. Dune/დიუნი
ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო-ფანტასტიკური ბესტსელერის ეკრანიზება რთული ამოცანაა. ამ ნაწარმოების ადაპტაცია თვით დევიდ ლინჩსაც გაუჭირდა, მისი მცდელობა კრახით დასრულდა. დენი ვილნევის ვერსიაც არ არის იდეალური. რომანის თაყვანისმცემელთა ნაწილი კვლავ უკმაყოფილო დარჩა, თუმცა კანადელმა რეჟისორმა უდავოდ წლის ყველაზე სანახაობრივი ფილმი გადაიღო. ვიზუალურად უნაკლო გამოსახულებას ერთვის ჰანს ზიმერის საუნდტრეკი, რომელიც გამოცდილი კომპოზიტორის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ნამდვილად არის. ცალკე აღნიშვნის ღირსია კოსტიუმები და კომპიუტერული გრაფიკით გაცოცხლებული ქვიშის მატლები. ამ ორ კატეგორიაში დიუნი 2022 წლის ოსკარის მთავარი პრეტენდენტია.
9. Card Counter/ბანქოს მთვლელი
ტაქსის მძღოლისა და ცოფიანი ხარის სცენარისტის, პოლ შრაიდერის ახალი ფილმი. 100%-ით (ანტი)ამერიკული ნამუშევარი. ჯარისკაცის ისტორია, რომელიც საკუთარი ქვეყნის სისტემამ ურჩხულად აქცია. 21-ე საუკუნის ჯალათი წარსულს კაზინოების ბნელ დარბაზებსა და იაფფასიან სასტუმროებში ემალება, თუმცა ვარსკვლავებიანი დროშისგან გაქცევა არც ისე მარტივი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ შრაიდერმა ზუსტად გადმოსცა ბანქოს მოთამაშის ყოველდღიური რუტინა და სათამაშო დაწესებულებების კლაუსტროფობიური გარემო, ბანქოს მთვლელი იმაზე მეტია, ვიდრე ჟანრული კინო გემბლინგზე. სურათის მამოძრავებელი ძალა კი ოსკარ აიზეკის გამორჩეული პერფორმანსია. კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა პერსონაჟი დე ნიროს ტაქსისტს შეადარა (სურათის ერთ-ერთი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა), მაგრამ უილ ტელი გაცილებით უფრო კომპლექსური და ღრმა გმირია ვიდრე ტრევის ბიკლი.
8. Verdens verste mennesket/ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე
ნორვეგიელი იოაკიმ ტრიერის ახალი ნამუშევარი, ოსლოს ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. თანამედროვე ემანსიპირებული ქალის თვალით დანახული სამყარო – გადამეტებული ტრაგიზმის გარეშე. აქამდე, ტრიერი საკუთარ სურათებს კაცებს უძღვნიდა. ცუდი ადამიანის შემთხვევაში მთხრობელი ქალია. ფილმი ერთმნიშვნელოვნად ფემინისტურია, თუმცა სრულიად მოკლებულია თანამედროვე დასავლური კინოსთვის დამახასიათებელ მწვავე თემებით მანიპულაციას. ამავდროულად, რეჟისორი მწარედ დასცინის თანამედროვე საზოგადოების პოლიტკორექტულობას, Cancel Culture-ს და ვოუქიზმს. აღსანიშნავია, რომ ტრილოგიის სხვა ნაწილებთან შედარებით, ავტორი თხრობის განსხვავებულ სტილს მიმართავს. თავებად დაყოფილი სურათი ერთი პერსონაჟის ცხოვრებაზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულს წარმოადგენს. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი როლის შემსრულებლის, რენატე რეინსვეს პერფომანსი, რომელმაც მსახიობს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მოუტანა.
7. È stata la mano di Dio/ღმერთის ხელი
ტრადიციულად, პაოლო სორენტინოს საყვარელი თემები განვლილი დიდება და წარმავლობაა. ავტორი თითქოს საკუთარ მომავალზე იღებს ფილმებს. ამჯერად იტალიელმა რეჟისორმა, არა მომავალზე, არამედ წარსულზე ისაუბრა. ფილმი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ – უდარდელი ბავშვობა და მისი მტკივნეული დასასრული. შესაბამისად იცვლება სურათის ტონალობაც – პერსონაჟის თვალით დანახული სამყარო ნელ-ნელა კარგავს ფერებსა და მიმზიდველობას. საყვარელი ქალაქი კი ედემის ბაღიდან ზღვისპირად შემორჩენილ, რომაულ ნასახლარს ემსგავსება, რომელთანაც მთავარ გმირს აღარაფერი აკავშირებს. ღვთის ხელით რეჟისორმა ერთგვარი ვალი დაუბრუნა მშობლიურ ქალაქს, ნეაპოლს, რომელშიც ცხოვრების 37 წელი გაატარა და რა არის ნეაპოლი მარადონას გარეშე. ფეხბურთის ღმერთის გარდა, სორენტინო, ახალი ფილმით, კიდევ ორ კერპს - ფელინისა და ძეფირელის მიაგებს პატივს.
6. Green Knight/მწვანე რაინდი
მე-14 საუკუნის ინგლისური პოემის საეკრანო ვერსია ამერიკელმა დევიდ ლოურიმ გადაიღო. შუასაუკუნოვანი ბალადა მარადიულ თემებზეა. ჭეშმარიტებისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე მთავარ გმირს ათასი ფათერაკი ელოდება, ფინალური ბრძოლა კი საკუთარ თავთან უწევს – შიშის დაძლევისა და სამყაროს წარმავლობასთან შეგუების ეპიკური ამბავი, გადმოცემული უძველესი ტექსტითა და უახლესი ვიზუალით. სიმბოლოებითა და მეტაფორებით გაჯერებული ფილმი საუკუნეების მსვლელობასთან ერთად გაუფასურებული და გამქრალი რაინდის კოდექსის ხელახალი გადააზრებაა. რაინდის წოდების მიღებას არაფერი უნდა, გაცილებით რთული თავად რაინდობა და სიცოცხლის ბოლომდე ამ წოდების ღირსეულად ტარებაა.
5. Petrov’s Flu/პეტროვების გრიპი
კირილ სერებრენნიკოვი 2020 წელს რუსეთის სასამართლომ ფულის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. დამოუკიდებელი მედიის აზრით, საქმე ფალსიფიცირებულია და რეჟისორი წარსულში გაკეთებული ანტიპუტინისტური განცხადებების გამო დასაჯეს. გასაკვირი არ არის, რომ ლირიკული ზაფხულის შემდეგ სერებრენნიკოვმა უმძიმესი პეტროვების გრიპი გადაიღო. რეჟისორმა ამ ფილმით რუსული საზოგადოება ტალახში ამოსვარა. სურათში წარმოდგენილი რუსეთი სლავური ჯოჯოხეთია – აქაური ჰადესი ეფესბეს ჩინოსანია, სტიქსზე ცოდვილები საბჭოთა ავტობუსებით გადაადგილდებიან, ქარონის უფლება-მოვალეობებს კი 50-ს გადაცილებული “სნეგუროჩკები” ასრულებენ. მიუხედავად დაგროვებული ბრაზისა, ავტორი მაინც იტოვებს იმედს და სურათს ბიბლიური სასწაულის ინტერპრეტაციით ასრულებს.
4. Annette/ანეტი
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ლეო კარაქსმა სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფრანგი რეჟისორის შემოქმედების მოყვარულები ახალ წამოწყებას ცოტაოდენი უნდობლობით უყურებდნენ. კარაქსმა კარიერაში პირველად იმუშავა ინგლისურენოვან სურათზე. მთავარი როლი მისცა ამერიკელ მსახიობს და თხრობის ფორმად სიკვდილის პირას მყოფი ჟანრი – მიუზიკლი აირჩია. მცდელობამ გაამართლა და სურათი კინოკრიტიკოსებმა გააღმერთეს. თანამედროვე შოუბიზნესისა და ვარსკვლავური ცხოვრების კრიტიკის გარდა, რეჟისორი ახალ ნამუშევარში ქედს იხრის იმ კინოს წინაშე, რომელსაც დღეს ცოტა აკეთებს, რომელიც ავტორს მონატრებული აქვს, რომელიც ჰოლივუდმა და მაღალბიუჯეტიანმა კინომ გაანადგურა. დღეს ხელოვნებას წესებს მისი მომხმარებელი კარნახობს და თავისდა უნებურად ექსპლუატაციას უწევს შემოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კომიკოსი, საოპერო მომღერალი თუ არასრულწლოვანი პოპ ვარსკვლავი. ანეტის მთავარი ხიბლი მისი უნივერსალურობაა. კინოს ცოდნისა და სიღრმისეული ანალიზის გარეშეც, მაყურებლის წინაშე პოპ როკ ბენდ Sparks-ის მუსიკით გაფორმებული სასიყვარულო დრამისა და დეტექტიური ტრილერის გემოვნებიანი ნაზავია.
3. რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმები
იაპონელმა დიდოსტატმა 2021 წელს ორი ფილმი გამოუშვა. წლის დასაწყისში რეჟისორმა ბერლინის კინოფესტივალის გრან პრი Wheel of Fortune and Fantasy-ისთვის მიიღო, ზაფხულში კი კანის ჟიურიმ Drive My Car-ისთვის დააჯილდოვა. ამ უკანასკნელზე ბევრი რამ დაიწერა და გამოცემათა დიდი ნაწილის რეიტინგში მოწინავე ადგილები დაიკავა. ატარე ჩემი მანქანა, მართლაც, დანაკარგთან შეგუებისა და სამყაროს პირისპირ მარტოდ დარჩენის შესახებ გადაღებული(დაწერილი) ბრწყინვალე ფილმია. სამწუხაროა, რომ წლის მიწურულს ბედის ბორბალი და ფანტაზია თითქოს ყველას დაავიწყდა. სამი ნოველისგან შემდგარი ანთოლოგიის მთავარი გმირები მეგაპოლისის ქაოსში დაკარგული, მარტოსული ადამიანები არიან. მათ მნიშვნელოვანი საკითხების გადააზრებასა და საკუთარი თავის პოვნაში ბედის წყალობით შეხვედრილი უცნობები ეხმარებიან. ნათქვამია – ჭეშმარიტება კამათში იბადებაო. ჰამაგუჩის თხრობას იმპულსურობა და კამათი არ უხდება. მისი პერსონაჟები ჭეშმარიტებამდე ხანგრძლივი დიალოგებით მიდიან. 21-ე საუკუნეში, ინფორმაციის სწრაფი გაცვლის მიუხედავად, ადამიანები სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს, კარგავენ კომუნიკაციის უნარს. პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ იჩენს თავს ჩაკეტილ იაპონურ საზოგადოებაში. რეჟისორი ამ რთულ თემას ორი ამომწურავი ნამუშევრით გამოეხმაურა.
2. Memoria/მეხსიერება
ტაილანდელმა რეჟისორმა, 2010 წლის კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორმა, აპიჩატპონგ ვერასეტაკულმა სარისკო ტერიტორიაზე შეაბიჯა. რეჟისორმა მაყურებელს პირველი არატაილანდური, ინგლისურ/ესპანურენოვანი ნამუშევარი წარუდგინა. არაპროფესიონალი მსახიობების ნაცვლად კი დღევანდელი არტ-ჰაუს/საავტორო კინოს ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობთან, ტილდა სუინტონთან იმუშავა. Memoria საშიში ექსპერიმენტია, რომელიც შედგა. განსხვავებული ადგილისა და ავტორისთვის არადამახასიათებელი ენის მიუხედავად, ვერასეტაკულმა საკუთარი ხედვა და თხრობის ორიგინალური სტილი შეინარჩუნა. რეჟისორმა საკუთარ თავს არ უღალატა – ახალი ფილმი მისთვის საყვარელ და ნაცნობ თემებზე გადაიღო. ძველი ნამუშევრების მსგავსად, აქაც წაშლილია ზღვარი სიზმარსა და რეალობას, აწმყოსა და წარსულს შორის. გამოსახულებასთან ერთად მეხსიერების მთავარ ღირსებას ხმა წარმოადგენს – არა მუსიკა, არამედ ხმა, რომელიც მომენტებში გაცილებით მეტყველია, ვიდრე კადრი და მასში მყოფი მსახიობები.
1. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?
"გვინდოდა ფილმი გადაგვეღო, რომელშიც მესი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვებდა". – რეჟისორის თქმით, სწორედ ეს გახდა სურათის გადაღების მთავარი მოტივაცია. გულწრფელი იდეა, გადაწერო ისტორია, შეცვალო რეალობა და რას აქვს ასეთი ძალა, თუ არა კინოს?! ალექსანდრე კობერიძემ გამოიყენა კინოს ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც უკვე ათწლეულებია, პოპულარული პოლიტკორექტული თემებით გართულ მსოფლიოს დიდ კინომოღვაწეებსაც კი დავიწყებიათ. ნამუშევრის მთავარი გმირი სიყვარულია, გრძნობა, რომელიც ძალიან აკლია თანამედროვე კინოს – რომლის გადმოცემა სულ უფრო და უფრო ჭირს ეკრანიდან. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? დიდი სურათია, რომელიც ქართული კინოს 120-წლიან ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ფილმი თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ ბერლინალეს მთავარ პროგრამაში მოხვდა და კინოკრიტიკოსთა(FIPRESCI) ჯილდო მოიპოვა. სამწუხაროა, რომ სამშობლოში, თბილისის კინოფესტივალზე კობერიძის ნამუშევარმა სპეციალური აღნიშვნაც კი ვერ მიიღო. თუმცა, ბოლო წლების საფესტივალო ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ფაქტი კომპლიმენტადაც მივიჩნიოთ.
კარგი ფილმები, რომელთაც ათეულამდე სულ ცოტა დააკლდათ: L'événement, A Hero, მოთვინიერება, მკვდარი სულების არდადეგები, CODA, Titane.