კინო

გამოცემა GUARDIAN-მა 2021 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა

Guardian

გამოცემა The Guardian-მა მიმდინარე წლის 50 საუკეთესო ფილმი დაასახელა. სიაში 2020 წლის რამდენიმე ნამუშევარიც მოხვდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, კინოგაქირავებაში მოგვიანებით, 2021 წელს გამოვიდა.

ორმოცდაათეულში ყველა ჟანრისა და გემოვნების ფილმი მოხვდა, დაწყებული აზიური არტ ჰაუსით დასრულებული Marvel-ის ბლოკბსტერებით. 2021 წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

10. The Tragedy of Macbeth/მაკბეტის ტრაგედია

უილისმ შექსპირის ტრაგედია ეკრანზე ამჯერად ჯოელ კოენმა გააცოცხლა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯოელმა, ძმის, ითანის გარეშე გადაიღო ფილმი. სურათში მთავარ როლებს დენზელ უოშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი ასრულებენ. 

9.The Lost Daughter/დაკარგული ქალიშვილი

მეგი ჯილენჰოლის სარეჟისორო დებიუტში მთავარ როლს ოსკაროსანი ოლივია კოლმანი ასრულებს. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილენჰოლს საუკეთესო სცენარის კატეგორიაში ჯილდო გადაეცა. სურათს ასევე ოქროს გლობუსის ორი ნომინაცია აქვს მიღებული.

8. Azor

არგენტინისა, საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთობლივი ნამუშევარის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა და ფართო კინოგაქირავებაში ჯერ არ გამოსულა. 

7. Wes Side Story/ვესტსაიდური ამბავი

ბროდუეის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მიუზიკლის ახალი კინოეკრანიზაცია სტივენ სპილბერგს ეკუთვნის. დაუვიწყარი საცეკვაო ნომრებითა და სიმღერებით გაცოცხლებული რომეოსა და ჯულიეტას ისტორია. ფილმი დიდი ალბათობით ოსკარის ერთ ერთ მთავარი ფავორიტი იქნება.

6. Dune/დიუნი

ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის ახალი ერკანიზაცია თანამედროვეობის ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად რეჟისორს, დენი ვილნევს ეკუთვნის. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ბლოკბასტერში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ჯოშ ბროლინი, ოსკარ აიზეკი, ზენდაია, ჯეისონ მომოა და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

5. Nomadland/მომთაბარეთა მიწა

2020 წლის ამერიკული ინდი დრამა ბრიტანეთის კინოგაქირავებაში დაგვიანებით მოხვდა. ქლოე ჟაოს ფილმი გასულ წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა და სამი ოსკარი მოიპოვა.

4. Drive My Car/ჩემი მანქანა

ჰარუკი მურაკამის მოთხრობის ადაპტაცია იაპონური კინოს გამორჩეულმა რეჟისორმა რიუსუკე ჰამაგუჩიმ გადაიღო. სურათი იაპონიის სახელით ოსკარისთვის იბრძოლებს.

3. Petite Maman/პატარა დედა

მოგონებებისა, მეგობრობისა და ოჯახური ურთიერთობის გულისამაჩუყებელი ისტორია. სელინ შიამას დრამის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

2. The Green Knight/მწვანე რაინდი

შუასაუკუნოვანი ინგლისის ცნობილი ლეგენდის ეკრანიზაცია. საკუთარი თავისა და სამყაროს შესწავლის გზაზე დამდგარი რაინდის ისტორია ულამაზესი პეიზაჟებითა და ფილოსოფიური ალეგორიებით არის გაფორმებული. სამწუხაროდ ფილმი წლის დასაწყისში გამოვიდა და პოპულარული დაჯილდოებების ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდება.

1. Power of The Dog/ძაღლის ძალაუფლება

ჯეინ კემპიონის გოთიკური ვესტერნის მთავარი გმირები ამერიკის 20-იანი წლების ფერმერები არიან. სურათი როგორც ოქროს გლობუსის ისე ოსკარის ერთ ერთი მთავარი კანდიდატია. ფილმის მთავარ ღირსებად კრიტიკოსები ბენედიქტ კამბერბეტჩის პერფომანსს მიიჩნევენ.

The Guardian-ის მიერ დასახელებული საუკეთესო ფილმების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები