ავღანეთი

ყარზაის თამამი გადაწყვეტილება

REUTERS
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი 4-5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფებოდა. მან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომლებიც ინდოელების მიერ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ინდურ კომპანიებს ავღანეთის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია გაუადვილდებათ.

ყარზაიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ავღანეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული. მან, პირველ რიგში, პაკისტანი იგულისხმა, რომელსაც ინდოეთთან ბოლო 60 წლის მანძილზე 4 ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი გადახდა. პაკისტანელებს არასოდეს სურდათ ავღანეთის ინდოეთთან დაახლოება. ისინი მიიჩნევენ, რომ ინდოეთი ავღანეთს საკუთარ სამხედრო პლაცდარმად გამოიყენებს და საბოლოოდ პაკისტანი არაკეთილმოსურნე მეზობლისგან გარშემორტყმული აღმოჩნდება. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ქვეყნებს შორის ბოლო დროს ოდნავ გაუმჯობესებული ურთიერთობები ისევ დაიძაბება.

ყარზაიმ საკუთარი გამოსვლისას ინდოელებს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე შეუქო. მისი განცხადებით, ავღანეთისთვის ინდოეთთან თანამშრომლობა მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება. შესაძლოა, ყარზაი ძლიერი მოკავშირის პოვნას ცდილობს, რადგანაც ამერიკელები ავღანეთიდან გასვლას 2014 წელს აპირებენ. მართალია, ამერიკელთა გასვლა კონტაქტების გაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ ავღანეთის სუსტ მთავრობას სურს საიმედო პარტნიორი შორიახლოს ჰყავდეს.

ყარზაის ინდოეთთან დაახლოების გადაწყვეტილება სამხრეთაზიური პოლიტიკური მოზაიკის მხოლოდ ერთი დეტალია. როგორც ჩანს, ავღანეთის პრეზიდენტი აღარ ენდობა პაკისტანს. მან რელიგიურად და
ეთნიკურად მსგავსი მეზობელი გააკრიტიკა და მის არასტაბილურობას გაუსვა ხაზი. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანი თალიბანსა და ავღანელ ამბოხებულთა მსხვილ ორგანიზაციას, ჰაქანის (ლიდერ სირაჯუდინ ჰაქანის მიხედვით) ქსელს ეხმარება. ინდოეთში ვიზიტით, ყარზაიმ პაკისტანს მიანიშნა, რომ არ სურს ითანამშრომლოს ქვეყანასთან, რომელიც ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს ეხმარება.

ბურჰანუდინ რაბანის აფეთქების შემდეგ, პაკისტანელებისათვის ყარზაის მოქმედება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი რაბანი თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყარზაის ელჩი იყო. ის საკუთარ სახლში თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა, რომელიც თავს თალიბანის ელჩად ასაღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რაბანის განადგურებაში ხელი პაკისტანის საიდუმლო სამსახურებს ერიათ. პაკისტანელები ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის შესაძლო შერიგებას სახიფათოდ მიიჩნევენ. ავღანეთის მთავრობა ძირითადად ეთნიკური პუშტუნებითაა დაკომპლექტებული, თალიბანი კი პუშტუნთა ორგანიზაციაა. მათ დაახლოებას, შესაძლოა, პაკისტანში მცხოვრები 25 მილიონი პუშტუნისათვის მეტი ავტონომიის ან საერთოდ ავღანეთთან შეერთების მოთხოვნისაკენ ებიძგებინა. შიდაეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტებით დახუნძლული პაკისტანი, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას განსაკუთრებით უფრთხის. 

რაბანის აფეთქების შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სათუოა. მის ჩაშლას ავღანეთში მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და ხაზარები მიესალმებიან. პაკისტანის მსგავსად, ავღანეთის მთავრობისა და
თალიბანის დაახლოების იდეას არც მათში გამოუწვევია აღფრთოვანება.

სხვა საკითხია, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ავღანეთის მთავრობისთვის მოლაპარაკებები. შეიძლება ითქვას, ამბოხებულებთან დიალოგი კონტრპროდუქტიული გამოდგა. ავღანეთის მთავრობამ საკუთარი სისუსტე გამოაჩინა და ვერც ქვეყანაში მცხოვრები არაპუშტუნი ეთნიკური ჯგუფების გული მოიგო. არც თალიბანი, არც მათთან დაახლოებული ჰაქანის ქსელი თუ ამბოხებულთა სხვა ჯგუფები რეალურ კომპრომისზე არ წავლენ, სანამ დამარცხების საფრთხის წინაშე არ დადგებიან. მოლაპარაკებებს საფუძველი თავიდანვე ჰქონდა გამოცლილი. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოცხადებული ჰქონდა ავღანეთიდან ამერიკელთა გასვლის თარიღი. რატომ უნდა წავიდნენ ამბოხებულები გარიგებაზე ამერიკელებთან, რომლებიც ქვეყანას მალე დატოვებენ? მათ გარეშე ავღანეთის მთავრობა, პოტენციური შეთანხმების პირობების შესრულებას ვერც თალიბანს და ვერც ჰაქანის ქსელს ვერ აიძულებს.

ყარზაის მიერ ინდოეთის მიმართულებით კურსის აღება რისკიანი გადაწყვეტილებაა. მისი ავკარგიანობა 2014 წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს. ინდოეთი კი, შესაძლოა, ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შემდეგ, მეოთხე დიდი ქვეყანა გახდეს, რომელიც საკუთარ სიძლიერეს ავღანეთში გამოცდის. 

კომენტარები