დევნილები

დევნილების კვალდაკვალ

თბილისის დროებით საცხოვრებლებში მყოფ დევნილებს ფართების დატოვება უწევთ. გამოსახლების პროცესი 20 იანვარს განახლდა. დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დევნილებს უნებართვოდ დაკავებულ ფართებს ატოვებინებენ. ეს შენობები პრივატიზებულია – მათ ჰყავთ მეპატრონეები, რომლებიც კერძო საკუთრების დაცლას ითხოვენ. 
 
  ვისაც საცხოვრებელი არ აქვს და არც ფინანსური კომპენსაცია მიუღია, სამინისტრო ალტერნატიულ რეაბილიტირებულ საცხოვრებლებს კახეთსა და სამეგრელოში სთავაზობს. ეს ფართები მათ კერძო საკუთრებაში გადავა. დევნილების ნაწილი და მათი მხარდამჭერები რეგიონებში გადასვლას უმთავრესად იმიტომ აპროტესტებენ, რომ, მათი აზრით, იქ დევნილებს თავის რჩენის საშუალება არ ექნებათ. გარდა ამისა, ამ ადამიანებს დედაქალაქის დატოვება არ სურთ, რადგან უკვე აქ არიან დამკვიდრებულნი. როგორც ევრაზიანეტს დევნილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვალერი კოპალეიშვილმა განუცხადა, მთავრობა მათ არსად წასვლას არ აიძულებს.  შეუძლიათ, თბილისში დარჩნენ, მაგრამ თუ იძულებით გადაადგილებულ პირებს არაფერი აქვთ – არც სამსახური, არც შემოსავალი და ყველაფერს მთავრობისგან იღებენ, ეს უკანასკნელი მათ ახლა იმას აძლევს, რისი შესაძლებლობაც აქვს. 
~
ბოლოს დევნილები დროებითი საცხოვრებლებიდან მასობრივად ზაფხულში გამოასახლეს. 22 დასახლებაში მცხოვრებთ ხელისუფლებამ აცნობა, რომ პროცესი წლის ბოლოს განახლდებოდა. თუმცა, ის იანვრისთვის გადაიდო. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში დევნილების ნაწილი გამოსახლების შესაჩერებლად აქციებს მართავდა. საპროტესტო გამოსვლები ახლაც მიმდინარეობს. 
 
გამოსახლება 20 იანვარს ბაგების სტუდქალაქში და საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან ორხევის დასახლებაში ადრეული დილიდანვე დაიწყო. ბაგებში პროცესს პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ორ მათგანს 14-14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, სამს კი 400-400- ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მომდევნო დღეს გამოსახლება გაგრძელდა სხვა ობიექტებიდანაც – აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან, ყიფშიძის 34-დან, სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან. 
 
საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან გამოსახლების პროცესს აკვირდებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. საიას განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ ინდივიდუალური შეტყობინებები კომპენსაციით დაკმაყოფილებაზე, გამოსახლებისას საკომპენსაციო თანხა მიღებული არ ჰქონდათ. ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, დევნილების თქმით, ისინი ყოველგვარი ალტერნატიული თავშესაფრისა და კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე გამოიყვანეს დაკავებული ფართიდან. 
 
დევნილთა სამინისტროს განცხადებით, ყველა ოჯახმა, რომელმაც უარი თქვა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე და ოფიციალურად მოითხოვა 10 ათას დოლარიანი ფინანსური კომპენსაცია, ის მიიღო. ის ოჯახები კი, რომლებმაც პროცედურა არ გაიარეს და განცხადება არ დაწერეს, ბუნებრივია, კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ. მათ შეუძლიათ, ახლაც მიმართონ სამინისტროს ოფიციალური თხოვნით. სამინისტროს ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ოჯახი ცდილობს, გაიყოს და ხელოვნურად მიიღოს ოჯახის რამდენიმე წევრზე დახმარება. ასეთი მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება. მისივე განცხადებით, დევნილები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესახებაც იყვნენ ინფორმირებული და შეეძლოთ, აერჩიათ საცხოვრებელი იქ, რისი შეთავაზებაც სამინისტროს ამჟამად შეუძლია.
 
საია ასევე წერდა, რომ დევნილთა გადაადგილება შეურაცხმყოფელი ფორმებით განხორციელდა – ისინი სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად. ამაზე სამინისტროში პასუხობენ, რომ დევნილებისთვის საჭიროზე მეტი ავტობუსი იყო გამოყოფილი და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სატვირთო მანქანებზე მხოლოდ მუშები შეიძლება ყოფილიყვნენ. 
 
2011 იანვარში სახალხო დამცველმა დევნილთათვის შეთავაზებულ ფართებზე წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის რაიონებში მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა, ეს ობიექტები ადმინისტრაციულ ცენტრებს დაშორებულია და ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის

კომენტარები