აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონის შორის ურთიერთობის გაუარესება გრძელდება. ტრამპი მელონის კვლავ აკრიტიკებს, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთო.
"NATO-სთვის ტრილიონობით დოლარის დახარჯვის შემდეგ იტალიას და მის პრემიერმინისტრს აზრადაც არ მოსდით ჩაერთონ ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მათი ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ, როცა გამოცდის ჯერი დადგა, ისინი ჩვენი და დანარჩენი მსოფლიოს დასაცავად არ დადგნენ. არაა კარგი!" - წერს ტრამპი.
19 ივნისს ტრამპმა თქვა, რომ მელონი დიდი შვიდეულის სამიტზე მას ერთობლივი ფოტოს გადაღებისთვის "ევედრებოდა". ამ სიტყვებს იტალიის პრემიერმა ვიდეომიმართვაში შეთხზული უწოდა და აღნიშნა: "მე და იტალია არასდროს ვიმათხოვრებთ". შემდეგში აშშ-ს პრეზიდენტმა ბრალდება გაიმეორა და დაამატა, რომ იტალიის პრემიერის პოპულარობა უარესდება. ამ ფაქტს მელონის კიდევ ერთი მიმართვა მოჰყვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ მისი პოპულარულობა ტრამპის "სადარდებელი არ არის". "ჩემი რჩევაა, რომ საკუთარ პოპულარობას მიხედოთ." – უპასუხა მელონიმ ტრამპს.
ტრამპმა მელონის კრიტიკა აპრილში დაიწყო, როცა თქვა: "მეგონა გამბედაობა ჰქონდა, მაგრამ ვცდებოდი". აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო, რომ იტალია ირანის წინააღმდეგ აშშ-ს საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთო.




