აშშ-იტალია

მელონიმ და ბაიდენმა უკრაინაში ომსა და ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრეს

ბაიდენი, მელონი 
Yuri Gripas/ABACAPRESS/IMAGO

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ერთმანეთს 27 ივლისს თეთრ სახლში შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მელონი ამერიკელ კონგრესმენებსაც შეხვდა. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე ბაიდენმა მელონის უკრაინის მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. 

"იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით და მე კომპლიმენტს გეუბნებით რუსეთის სისასტიკისგან დასაცავად თქვენი ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს დიდ განსხვავებას იძლევა". - თქვა ბაიდენმა. 

მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში მელონიმ და ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერაზე მზადყოფნა გამოთქვეს "იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ამის საჭიროება იქნება". 

მათ ასევე ისაუბრეს საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებზე, მათ შორის, "ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე", მომავალ წელს როტაციის პრინციპით იტალიის მიერ G7-ის თავმჯდომარეობაზე, ინდო-წყნარ ოკეანეში სტაბილურობაზე, "ახალი კოსმოსური დიალოგის შექმნაზე", კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ისაუბრეს უფრო ძლიერ "ორმხრივ და მრავალმხრივ კონსულტაციებზე ჩინეთის მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ".

მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და იტალიის ურთიერთობები, "მიუხედავად ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური სხვადასხვაობისა" ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ "დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ მათ ერთმანეთზე დაყრდნობა შეუძლიათ".

გარდა ამისა, იტალია დიდი შვიდეულის ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთის საერთაშორისო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ინიციატივაში - "სარტყელი და გზა" - დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

მიუხედავად იმისა, რომ მელონის ჯერ არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება, მან მზადყოფნა გამოთქვა, გადახედოს იტალიის  საგარეო პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებით. 

"ბაიდენთან განვიხილე "სარტყლისა და გზის" საკითხი, მაგრამ აშშ-ს მიდგომა არ გულისხმობს კარნახს, თუ როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა ჩინეთთან". - თქვა მელონიმ ხუთშაბათის მოლაპარაკებების შემდეგ.

მელონიმ აშშ-ს უწოდა იტალიის "ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირის გარეთ", ხოლო ბაიდენმა ირიბად ისაუბრა შარშან იტალიასთან 100 მილიარდი დოლარის მოცულობის ვაჭრობაზე და დასძინა: "ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამის გაზრდა არ შეიძლება". 

კომენტარები