ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია "პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე". საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილმა განცხადება ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე "ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბოჭორიშვილის თქმით, "დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს".
უწყების ცნობით, ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა შუა დერეფანზე, რომელიც მისი თქმით, აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი - "ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე".
"ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე. [...]
მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. [...]
საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არც ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია. [...]
ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა" - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ბოჭორიშვილმა.




