ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა.
რასულზოდას განცხადებით, ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველ ხალხს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო.
"ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.
ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.
ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით." - აღნიშნა რასულზოდამ.
ივანიშვილის პრემიერის თქმით, საქართველო და ტაჯიკეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით და მეგობრობით. კობახიძის თქმით, მათი მიზანია გააკეთონ მაქსიმუმი ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად.
"ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში.
ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს." - თქვა ირაკლი კობახიძემ.





