კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი მთავარ საკითხზე უნდა კონცენტრირდეს, რაც, მისივე თქმით, "რეჟიმის ჩამოშლაა".
"დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.
მინდა, ყველას თხოვნით მოგმართოთ - ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს ბიძინა ივანიშვილს ბერკეტს აძლევს, ჩვენზე გავლენა და შანტაჟი მოახდინოს. მე დასახსნელი არ ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე - რეჟიმის ჩამოშლაზე.
ამ თვალსაზრისით, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის". - წერს ხოშტარია.
ხოშტარია წერილში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, ციხეში შიმშილობას იწყებს იქამდე, სანამ ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება.
"პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი.
უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ, დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ". - წერს ხოშტარია.
დღეს, 19 ივნისს, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა თქვა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს იქამდე, სანამ ელენე ხოშტარია პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
ალბუთაშვილს დღეს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მის გარდა, საქმეზე 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას - ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.





