ივანიშვილის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის საგარეოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც.
სამხარაძის თქმით, "საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან" საინტერესო დისკუსია ჰქონდათ, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში უსაფრთხოების საკითხს, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასა და ეკონომიკურ პროგრესს ეხებოდა.
"ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია იმიტომ, რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და ათზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე, ესეც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.
დღეს ასევე შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს.
ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას." - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი [ინტერპრესნიუსი]




