რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრასნოდარელები ბენზინის დეფიციტზე ლაპარაკობენ, მთავრობისთვის ეს "ხელოვნური აჟიოტაჟია"

კრასნოდარის მხარის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტია. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივმა ტელეგრამ არხმა "Говорит НеМосква".

კრასნოდარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მრავალ ბენზინგასამართ სადგურზე ამოიწურა AI-92-ისა და AI-95-ის ტიპის ბენზინი. ზოგიერთ სადგურზე წარმოიქმნა დიდი რიგები. საწვავის დეფიციტის შესახებ ცნობები ვრცელდება ანაპიდანაც. 

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ბენზინის საყიდლად კრასნოდარში ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლები ჩადიან. ოკუპირებულ ყირიმში საწვავის კრიზისი რამდენიმე დღეა რაც გრძელდება.

8 ივნისს საწვავის დეფიციტის ცნობებს კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი გამოეხმაურა. მისი თქმით, მეზობელ რეგიონებში "არც თუ ისე მარტივი სიტუაციის" გამო, "ბევრმა გადაწყვიტა ბენზინის მომარაგება, რამაც ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვია". მისი მტკიცებით, კრასნოდარის მხარეში ბენზინის დეფიციტი არაა.

"მიწოდებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეები ძირითადად მცირე კერძო ავტოგასამართ სადგურებზე შეინიშნება, ხოლო მსხვილი ქსელური სადგურების უმეტესობაზე საწვავი ხელმისაწვდომია. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, მომწოდებლები ოპერატიულად ახდენენ ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, რათა მიწოდების ხანგრძლივი შეფერხებები თავიდან აიცილონ. ვითარება კონტროლქვეშაა. გთხოვთ, ენდოთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს." - თქვა რეგიონის ხელმძღვანელმა. 

ივნისის დასაწყისიდან საწვავის მიწოდების შეფერხებების შესახებ იტყობინებოდნენ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ასევე ბელგოროდის, კურსკის, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქების მცხოვრებლები და რუსეთის სხვა რეგიონების მოსახლეობაც. მსგავსი ცნობები გავრცელდა მაშინ, როცა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები აქტიურად მიჰქონდათ.

ბოლო დღეებში საწვავის ყველაზე მწვავე დეფიციტი ოკუპირებულ ყირიმში შეიქმნა. კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ბენზინმზიდებსა და სხვა სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც ნახევარკუნძულს ამარაგებენ R-280 "ნოვოროსიის" ტრასის გავლით. აღნიშნული გზა ყირიმს როსტოვის ოლქს უკავშირებს. ნახევარკუნძულზე სრულად აიკრძალა ბენზინის ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდვა.

8 ივნისს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ აღიარა, რომ საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები უკრაინული დრონების თავდასხმებით არის გამოწვეული.

კომენტარები