ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე, ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება, აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
ის ამბობს, რომ ეს დაკავება სამაგალითოა და აფრთხილებს ყველას, ვინც გადაწყვეტს აგენტობას, რომ მათ მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.
"მნიშვნელობა არ აქვს, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას.
თავის დროზე კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ცდილობდნენ აგენტობის პოპულარიზაციასაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა კონკრეტული სახელმწიფოების აგენტობას. აგენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისია, აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.
იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ჩვენ არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. მაგრამ მკაფიო გაფრთხილება ყველას - მნიშვნელობა არ აქვს, ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო." - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი უძილაური "ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული".
5 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს] განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.
მოგვიანებით უწყებაში ტაბულას დაუდასტურეს, რომ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.




