სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ სამუდამოდ შეწყვიტონ ყოველგვარი ბრძოლა, დაიწყონ ვაჭრობა და დიპლომატიური ურთიერთობების, და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში

მედიის ცნობით, სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის სამხრეთში დაგეგმილი "ტრამპის მარშრუტის" ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშშ-სთვის ექსკლუზიური განვითარების უფლებების მინიჭებასაც მოიცავს.

მოლაპარაკებული ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.

გამოცემა Axios-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის მიცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში თავდასხმის წინააღმდეგ.

Axios-თან საუბრისას, ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ "ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ".

თავის მხრივ, Kyiv Post-ის კორესპონდენტი ვაშინგტონში, ალექს რაუფოღლუ წერს, რომ თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელმოწერის დადება ზოგადად დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურ გამარჯვებად განიხილება.

რაუფოღლუს ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სომხეთის სამხრეთ ნაწილში დაგეგმილი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი - "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ და ირანულ გავლენებს შეეწინააღმდეგება და შექმნის სამხრეთ კავკასიიდან ევროპისგან პირდაპირ კავშირს ვაჭრობისა და ენერგორესურსებისთვის, რომელიც გვერდს უვლის როგორც რუსეთს, ისე - ირანს.

კომენტარები