ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს ქარველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლება."
საუბრისას მდინარაძემ ისიც თქვა, რომ "ქართველ ხალხს და შესაბამისად, მის ხელისუფლებას ევროკავშირში გაერთიანება სურს, და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას მიზნად ისახავს და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს."
მდინარაძის აზრით, ფიშერი ძველ განწყობებსა და ძველ მესიჯბოქსში "ჩარჩა."
"ჩემთვის ეს ინტერვიუ მიანიშნებს იმაზე, რომ ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, ვერ მიხვდა, ვერ გაიაზრა.
ბევრმა, სხვათაშორის, გადახედა თავის განცხადებას ბოლო პერიოდის განმავლობაში და მსგავს ეპითეტებს ცდილობენ აღარ გამოიყენონ და აღარ იყენებენ. სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქარველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ და სხვათაშორის, ეს მენეჯმენტის გარეშე არ ხდება ხოლმე, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ ვინმე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები, იმ ადამიანის ჩათვლით, რომელზეც თქვენ კითხვა დამისვით." - ასე უპასუხა მდინარაძემ ფიშერის შესახებ დასმულ შეკითხვას.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ნუ დაიჯერებთ, რომ გერმანია ან ევროკავშირი ამცირებს საქართველოსთან პარტნიორობასა და მეგობრობას. ამაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა."
ფიშერი ასევე აცხადებს, რომ მისი აზრით, "ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას."




